სანიკიძის 12 მოხსნა და 7 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

სანიკიძის 12 მოხსნა და  7 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

ვიქტორ სანიკიძე „სკავოლინი“-„სიენას“ მატჩის მოვლენათა ეპიცენტრში. ქართველი ფორვარდი იტალიური გრანდის ლიდერებთან ერთად ბოლომდე ებრძოლა მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ დრამატულ ფინალში დამარცხდა – 73:78.
 
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „მონტეპასკი“ მეტოქეს 50:64 ჩამორჩებოდა, თუმცა დიდი შეუპოვრობის ხარჯზე სანიკიძის გუნდმა ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება შეძლო. შეხვედრის ბოლო 5 წუთის განმავლობაში ქართველი ფორვარდი მოედანზე იყო, რომელიც  ბობი ბრაუნთან და დანიელ ჰაკეტითან ერთად გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა. საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე სანიკიძეს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და „სიენა“ „სკავოლინის“ 73:74 მიუახლოვდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა უფრო შედეგიანად ითამაშეს და მებრძოლ სტუმრებს გამარჯვება არ დაანებეს.
 

 
სანიკიძემ საჯარიმოები ძალიან ცუდად ესროლა: 12 ცდიდან მხოლოდ 5 ჩააგდო. სამაგიეროდ, ქართველი ფორვარდი ფარზე ბატონობდა და მატჩში უმეტესი 12 ბურთი მოხსნა. საბოლოოდ სანიკიძემ 7 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა და მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა. ამ შედეგით ვიქტორი ოდნავ ჩამორჩა დანიელ ჰაკეტის (20) და ბობი ბრაუნს (21). ეს უკანასკნელი სულაც ტურის ბომბარდირი გახდა. ბრაუნმა  პესაროელებს 30 ქულა ჩაუგდო.
 
სანიკიძემ პირველი და მესამე მეოთხედი სრულად ითამაშა, ხოლო მთელი მეორე მეოთხედი სათადარიგოთა სკამდე გაატარა. მწვრთნელმა ქართველ ფორვარდს მოედანზე მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე უხმო და ბოლომდე თამაშში დატოვა. შესაბამისად, სანიკიძემ 25 წუთი ითამაშა და საჯარიმოს ხაზიდან ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ეგებ მატჩის გმირიც გამხდარიყო.
 
სიენელებს 13 მოგება და 6 მარცხი აქვთ, ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან და სერია „ა“-ს მორიგ ტურში, 24 თებერვალს, „ბიელას“ მასპინძლობენ.