სანიკიძის 13 მოხსნა ბოლონიელებს ვენეციაში გასამარჯვებლად არ ეყოთ

სანიკიძის 13 მოხსნა ბოლონიელებს ვენეციაში გასამარჯვებლად არ ეყოთ

დასანანი მარცხი იწვნია ვიქროტ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“. იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიური გუნდი სტუმრად „ვენეციას“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე 9 ქულით იგებდა, საბოლოოდ მაინც წააგო – 66:71.
ბოლონიელებმა საწყისი მეოთხედი 5 ქულით დათმეს, თუმცა მეორესა და მესამეში ითამაშეს კარგად და როგორც უკვე გითხარით, ბოლო ათწუთეულის წინ 49:40 იგებდნენ. როგორც ჩანს, სანიკიძის გუნდს ძალა აღარ შერჩა, მასპინძელთა ზეწოლისთვის რომ გაეძლო და ბოლო წუთებში წააგო.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 35 წუთი გაატარა. სანიკიძემ 2-2-ჯერ შეუტია საშუალო და შორი დისტანციებიდან, მაგრამ ოთხივე სროლა ააცილა. ვიქტორმა 6 საჯარიმოდან 4 ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს გახლდათ. სანიკიძემ კარგად იმუშავა ფარქვეშ და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 13 მოხსნა დააგროვა. 4 ქულისა და 13 მოხსნის გარდა მას 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. ბოლონიელთაგან საუკეთესო შედეგი დაგლას რობერტსს ჰქონდა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.
ბოლონიურ კლუბს 15 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და სერია A-ს ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი 15 აპრილს ტრევიზოში, „ბენეტონთან“ გამართავს. ამავე დღეს მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუ“ მილანში „არმანი ჯინსს“ შეხვდება.