სანიკიძის 19 ქულა და სიენას გამარჯვება სტამბოლში

სანიკიძის 19 ქულა და სიენას გამარჯვება სტამბოლში

ვიქტორ სანიკიძის მორიგი წარმატებული მატჩი. ქართველმა ლეგიონერმა ამერიკელ ბობი ბრაუნთან ერთად „სიენას“ ევროლიგაშ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა. იტალიურმა კლუბმა სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ ურთულესი ბრძოლა გადაიტანა. მეთელი მატჩის განმავლობაში უკან მყოფმა სანიკიძის გუნდმა ბოლო წუთებზე მოინდომა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც – 98:92.
 
განსაკუთრებით შედეგიანად ბობი ბრაუნმა ითამაშა. ამერიკელმა ლეგიონერმა 41 ქულა და 7 პასი მოინაგრა. ბობმა 12–დან 8 ორქულიანი, 6–დან 4 სამიანი და 13–დან 13 საჯარიმო ჩააგდო. მეორე სიენელი, რომელმაც 10–ქულიან ზღვარს გადააჭარბა, ვიქტორ სანიკიძე იყო. ქართველმა ლეგიონერმა 27,26 წუთი ითამაშა და თავი 19 ქულას, 8 მოხსნას და თითო ჩაჭრა–პასს მოუყარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 10–დან 7 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, ხოლო ბობი ბრაუნისამ – 50.
 
ამ გამარჯვებით „სიენა“ პირველ ადგილზე გამაგრდა. იტალიური გუნდის დარად 2 შეხვედრიდან 2 გამარჯვება აქვთ ესპანურ „კახა ლაბორალსა“ და რუსულ „ხიმკის“. მომდევნო ტურში, 11 იანვარს, „სიენა“ სხორედ „ხიმკის“ უმასპინძლებს.
 
ევროლიგაში მოთამაშე მეორე ქართველი კალათბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა. „მაკაბიდან“ „ოლიმპიაკოსში“ გადასული გიორგი შერმადინი ბერძნული გრანდის განაცხადში ვერც ამჯერად მოხვდა. პირეოსულმა გუნდმა „ბეშიქთაშს“ უმასპინძა, თუმცა ქართველი კალათბურთელის დახმარება არ დასჭირვებია.