სანიკიძის 22 ქულამ ბოლონიელებს პესაროში ვერ უშველა

სანიკიძის 22 ქულამ ბოლონიელებს პესაროში ვერ უშველა

ვიქტორ სანიკიძის მორიგი გაბრწყინება იტალიის სერია A-ში. ქართველი ფორვარდის შედეგიანი თამაში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უკვე 2 თვეა, იგი მოედანს  შესანიშნავი სტატისტიკით ტოვებს. მორიგ ტურში სანიკიძის შედეგიანობას მისი გუნდის წაგება აუფერულებს, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლიდერია, ბევრისმეტყველია.
 
“კანადიან სოლარი” სტუმრად “სკავოლინის” შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში, სერია A-ს ლიდერებში გაერეოდა, თუმცა 77:86 დამარცხდა. სხვათა შორის, მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის “კანტუსაც” 9 მოგება და 5 წაგება აქვს და ეს გუნდები III-IV ადგილებს იყოფენ.
 
 
 
ქართველი ფორვარდი ტრადიციულად ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მორიგ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მოედანზე გატარებულ 28 წუთში ვიქტორმა 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, 9 მოხსნიდან კი 5 მეტოქის ფარზე განახორციელა. ვიქტორის აქტივში 2 პასიც გახლდათ.
 
სანიკიძის ეფექტიანობის კოეფიციენტი 26 გახლდათ და ეს სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი “სკავოლინის” ამერიკელი გამთამაშებელი რიჩარდ ჰიკმანი (29) გახდა, რომელმაც 39 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 5 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.
 
მომდევნო ტურში, 11 იანვარს, „კანადიან სოლარი“ „სიენას“ უმასპინძლებს.