სანიკიძის ორმაგი დუბლი და ფინალში გასვლის გადადებული შანსი

სანიკიძის ორმაგი დუბლი და ფინალში გასვლის გადადებული შანსი

ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა და ეს ნახევარფინალურ სერიაში მოახერხა. სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდს თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და „სიენამ“ სერიის მე-5 მატჩი 67:71 წააგო.
 
შესაბამისად, „სიენას“ ფინალში გასვლა გადაიდო. სანიკიძის გუნდი სერიას 3:1 იგებდა და წარმატების მისაღწევად 1 მოგება აკლდა, თუმცა „ვარეზემ“, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მოიგო, მოახერხა გამარჯვება და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. წინ მე-6 მატჩია, რომელსაც „სიენა“ მასპინძოლს და რომელშიც სანიკიძის გუნდი გამარჯვების მოპოვებას და ფინალში გასვლას შეეცდება.
 

 
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი 22 წუთით გამოჩნდა და სიენელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 10 ქულა, 11 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთიც სამჯერ დაკარგა. ვიქტორმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძეზე შედეგიანი სიენელთაგან მხოლოდ ბობი ბრაუნი გახლდათ, რომელმაც 32 წუთში 25 ქულა დააგროვა.
 
სერიის მე-6 შეხვედრა სიენაში 5 ივნისს გაიმართება. თუ სიენელები მოიგებენ, ფინალში გავლენ, არადა, სერიის მე-7, გადამწყვეტ შეხვედრას „ვარეზე“ 7 ივნისს უმასპინძლებს.