სანიკიძის სიენა ნახევარფინალურ სერიაში 3:1 დაწინაურდა

სანიკიძის სიენა ნახევარფინალურ სერიაში 3:1 დაწინაურდა

ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ ნახევარფინალური სერიის მორიგი მატჩიც მოუგო „ვარეზეს“ და ფინალს მიუახლოვდა. სიენელებმა ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება. გადამწყვეტი მეოთხედის წინ სანიკიძის გუნდი 11 ქულით აგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშა, მატჩი 78:77 მოიგო და სერიაში 3:1 დაწინაურდა.
 
რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ვარეზელებმა თამაში რიხით დაიწყეს და პირველი მეოთხედი 28:18 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის სიენელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მესამე პერიოდში ისევ იძალეს და როგორც ვთქვით, ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სოლიდური სხვაობით – 62:51 იგებდნენ.
 

 
მასპინძლებმა სრული მობილიზებით ჩაატარეს გადამწყვეტი პერიოდი, რომელიც 27:15 მოიგეს და საბოლოოდ 1 ქულით გაიმარჯვეს. სიენელთა გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა გამთამაშებელმა ბობი ბრაუნმა დაიდო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. სანიკიძე კვლავ მოკრძალებული დროით ათამაშეს. 7 წუთში ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
 
სერიის მომდევნო მატჩი 3 ივნისს ვარეზეში გაიმართება. თუ საჭირო გახდა, მომდევნო მატჩები 5 და 7 ივნისს – სიენასა და ვარეზეში ჩატარდება.