სანიკიძის სიენამ გერმანიაში 75:73 იმარჯვა

სანიკიძის სიენამ გერმანიაში 75:73 იმარჯვა

ვიქტორ სანიკიძის გუნდი შინაურ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ სვლას განაგრძობს, თუმცა, ქართველი ლეგიონერი შედარებით გაინერტულდა. „სიენამ“ ევროლიგის მორიგ ტურში ბერლინში „ალბა“ 75:73 დაამარცხა.
 
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა. მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი მე–6 წუთზე გამოცვალა, შემდეგ რამდენიმე წუთით მეორე ნახევარში შეუშვა და სულ ეს იყო. სანიკიძემ 2 ორქულიანი ააცილა, მოედანი კი 0 ქულით და 2 მოხსნით დატოვა.
 
მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. მთელი შეხვედრა თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. სიენელები უფრო ხშირად, თუმც მცირედით ლიდერობდნენ. ბოლოსწინა წუთზე მასპინძლები 3 ქულით – 73:70 დაწინაურდნენ. კრიტიკულ სიტუაციაში ჩავარდნილი “სიენა” ტომას რესმა იხსნა, რომელმაც სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ბოლო წუთზე აცილებული სროლების კასკადი მოეწყო. ალბელმა ნიჰად ჟედოვიჩმა სამქულიანი და ორიანი ააცილა, იგივე გააკეთა სიენელმა ბობი ბრაუნმაც, თუმცა სირენამდე რამდენიმე წამით ადრე იტალიურმა კლუბმა დაწინაურება მოახერხა – დანიელ ჰაკეტის ტყორცნამ სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
 
სიენელთაგან საუკეთესო ამერიკელი ბობი ბრაუნი გახდა, რომელმაც თავი 20 ქულას და 6 პასს მოუყარა. 13 ქულა ჰქონდა ესტონელ კრისტიან კანგურს, ხოლო ჰაკეტმა პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.
მომდევნო ტურში სანიკიძის გუნდი შერმადინის „მაკაბის“ უმასპინძებს. შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართება.
 
B ჯგუფი
მაკაბი             5          1          478      411      67
უნიკახა          5          1          467      451      16
სიენა               3          3          508      482      26
ალბა                2          4          443      450      -7
შალონი          2          4          457      489      -32
პროკომი        1          5          424      494      -70