სანიკიძისა და შერმადინის გუნდების დრამატული მატჩი ევროლიგაში

სანიკიძისა და შერმადინის გუნდების დრამატული მატჩი ევროლიგაში

ევროპის ყველაზე პრესტიჟლ და მძლავრ საკალათბურთო ლიგაში „ქართული დერბი“ შედგა. ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მე-11 ტურში ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა იტალიაში გაიმართა და ძალიან დაზაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მატჩის მანძილზე მასპინძლები ლიდერობდნენ, ბოლო წუთებში პირეოსელებმა მობილიზება შეძლეს და გადამწყვეტი იერიშით გამარჯვების მოპოვება შეძლეს – 68:67. შერმადინის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
 
შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სიენელები მეორე ადგილზე იყვნენ, ოლიმპიაკოსელები კი „ხიმკისთან“ ერთად III-IV  ადგილებს იყოფდა. ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა უდიდესი მობილიზების ხარჯზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება და „სიენას“ გაუთანაბრდა. ორივე გუნდს ახლა 7 მოგება და 4 მარცხი აქვთ და II-III ადგილებს იყოფენ.
 
სასტარტო ხუთეულში არც ერთი ქართველი არ იმყოფებოდა. სანიკიძემ მოედანზე 17,22 წუთი დაჰყო და 2 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ვიქტორმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
 
შერმადინი გაცილებით შედეგიანი გახლდათ. პირეოსელთა ქართველმა ცენტრმა 13,14 წუთი ითამაშა, რა ხნის განმავლობაში 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად შერმადინმა 4 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ოლიმპიაკოსელთა შორის საუკეთესო შედეგი კოსტას სკუკასსა და კოსტას პაპანიკოლაუს ჰქონდათ: 11-11 ქულა.
 

ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი
 
შეგახსენებთ, რომ 8-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გადის. დარჩენილია 3 ტური და ორივე „ქართულ“ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. მომდევნო ტურში, 22 მარტს, „ოლიმპიაკოსი“ „მაკაბის“ უმასპინძლებს, ხოლო „სიენა“ სტამბოლში „ბეშიქთაშსს“ დაუპირისპირდება.