დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ლიგის 14-წლამდელთა გათამაშების პირველი წრე, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდებმა 5-5 მატჩი გამართეს. ტურნირში მონაწილეობს ქართული კლუბების მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2008”, რომელიც ესტონეთის დედაქალაქიდან 2 გამარჯვებით დაბრუნდა.
საქართველო 2008-მ ტალინში ჩატარებული მატჩებიდან დიდი გამოცდილება მიიღო, რაც მის წევრებს განვითარებასა და თამაშის სრულყოფაში დაეხმარება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიზანიც ეს გახლავთ, რათა ახალგაზრდა თაობებს დაოსტატებაში ხელსაყრელი პირობები და ასპარეზი შეუქმნას.
ჩვენმა 14-წლამდელებმა ტალინში ესტონურ “ტარტუს” და ლატვიურ “რიძენეს” სძლიეს, ხოლო ფინურ “პუჰუსთან”, ლატვიურ “ბერტანსთან” და პოლონურ “კომოროვთან” დამარცხდნენ. განსაკუთრებით დასანანი გახლდათ პოლონურ გუნდთან მარცხი. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 1 ქულით – 51:52 (სტატისტიკა) დათმო.
პირველი წრის მატჩების დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ორგანიზატორებმა სხვადასხვა სტანდარტულ ტიტულებთან ერთად თითოეული გუნდის საუკეთესო მოთამაშეებიც დაასახელეს. საქართველო 2008-დან ეს ტიტული მათე ხატიაშვილს ერგო, რომელმაც ხუთივე მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა. ის საშუალოდ 20.2 ქულას, 4 მოხსნა და 2 პასს აგროვებდა.
მეორე წრის მატჩები 26-29 დეკემბერს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება, ხოლო რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით, მესამე წრეს კვლავ ტალინი უმასპინძლებს. 2 მოგებითა და 3 მარცხით საქართველო 2008 ჯერჯერობით მე-7 ადგილზე იმყოფება, მთლიანობაში კი ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს.
მათე ხატიაშვილი