საქართველო – ავსტრია 85:74

განახლებულ სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიას 85:74 მოუგო და საკვალიფიკაციო ციკლის მეექვსე შეხვედრაში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. საქართველო ჯერაც მეორეზეა, რადგან ჯგუფის ლიდერმა ფინეთმა საკუთარ მოედანზე 85:66 ისლანდია, ჩვენი შემდეგი მეტოქე დაამარცხა და ექვსიდან ამდენივე მოგებით პირველ ადგილს ინარჩუნებს.
მთავარმა მწვრთნელმა კენ შილდსმა სასტარტო ხუთეულში შემდეგი მოთამაშეები დააყენა: ზაზა ფაჩულია, ტაირონ ელისი, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე.
მარკოიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუდარებელი იყო და საბოლოოდ, 7 სამქულიანიდან 6 გამოიყენა, ზაზა ფაჩულიამ კი თამაშიდან 9 ტყორცნა შეასრულა ზუსტად. ფაჩულიამ თამაშის მიწურულს რამდენიმე ჭკვიანური მანევრით ნაკრებს მნისვნელოვანი ქულები მოუტანა, მარკოიშვილმა კი ავსტრიელებს პერიმეტრიდან შეუქმნა პრობლემები.

ავსტრიის ნაკრებმა მაქსიმალურად დატვირთა თავისი ცენტრი ბენჯამინ ორტნერი, რომელიც კარგად კი თამაშობდა, მაგრამ ფაჩულიასთან ბრძოლაში მან და კიდევ ერთმა ცენტრმა მარტინ კოლმაიერმა 5-5 ფოლი მიიღეს. ორტნერმა საბოლოოდ, 18 ქულა გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვატო ნაცვლიშვილმა კი შეხვედრა შეტევაში ყველაზე მეტი, 4 მოხსნით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად აკონტროლებდა შეხვედრის მსვლელობას და საბოლოოდ, 85:74 იმარჯვა.
კენ შილდსი: “დაცვაში თამაშისას სულელური შეცდომები დავუშვით და საერთო ჯამში, ძალიან ბევრ სათამაშო კომპონენტში უნდა გავაუმჯობესოთ მზადყოფნა. ისლანდიასა და ფინეთს ავსტრიაზე ძლიერი გუნდები ჰყავს და ასეთი თამაშით ამ ორ ნაკრებთან გაგვიჭირდება. ავსტრიას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაზეც მანამდე დაცვითი სქემების დამუშავებისას ყურადღება არ გაგვიმახვილებია, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო, ამ კომპონენტში მაინც ვცდებოდით. ისლანდიისთვის გვეყოლება ვლადიმერ ბოისა, რაც თავისთავად, დიდ დახმარებას გაგვიწევს.”
ზაზა ფაჩულია: “ავსტრიის დარი გუნდები თავიდანვე უნდა გაანადგურო და შემდგომში თამაშის ყველანაირი სურვილი უნდა გაუქრო. წავაგეთ პირველი მეოთხედი, მაგრამ მერე და მერე თამაში გამოვასწორეთ და სერიოზული პრობვლემები აღარ შეგვქმნია. ფინეთიც და ისლანდიაც ავსტრიაზე ძლიერები არიან და უფრო სწრაფ, ძალისმიერ თამაშს თუ არ ვაჩვვენებთ, საკუთარ თავს სერიუზულ პრობლემებს შევუქმნით.”
კრისტიან კოლიკი: “სროლა კი წამივიდა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან წავაგეთ. ფაჩულია და მარკოიშვილი ჩვენი წაგების მიზეზებად იქცნენ. მათ გარეშე საქართველოსთვის იქნებ მოგვეგო კიდეც. საერთო ჯამში, ფინეთი და საქართველო უმაღლეს დივიზიონში თამაშს იმსახურებენ და ეს მიუხედავად იმისა, თუ ვის წინააღმდეგ მოუწევთ მათ ფლეი ოფში გამოსვლა.”
მატჩის სრული სტატისტიკისთვის, აქ შედით.