საქართველო დღეს რიგაში ლატვიას ამხანაგურად გაეჯიბრება

საქართველო დღეს რიგაში ლატვიას ამხანაგურად გაეჯიბრება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს რიგაში მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე ლატვია იქნება. ჩვენი ნაკრები 20 აგვისტოს ჩავიდა რიგაში, დღეს კი, თბილისის დროით 20 საათზე, მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
 
„რიგაში საკმაოდ კარგ პირობებში ვიმყოფებით. ჩვენი ნაკრების ყველა წევრი მზადაა სათამაშოდ, ტრავმები არავის აწუხებს. მატჩის წინა დღეს გუნდმა ორჯერ, დილას და საღამოს ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატამდე ცოტა დრო რჩება და ლატვიელებთან მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თამაშის კიდევ უფრო დახვეწაში“ – გვითხრა ეროვნული ნაკრების მენეჯერმა კოტე ტუღუშმა, რომელსაც რიგაში შევეხმიანეთ.
 
ლატვიას ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ყველა აქამდელი სპარინგ–მატჩი წაგებული აქვს. აინარს ბაგატსკისის გუნდი სლოვენიასთან, ლიტვასთან, ლიტვის დუბლიორთა ნაკრებთან და რუსეთთან ორჯერ დამარცხდა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან ურთიერთშეხვედრებს, ბოლო მატჩი 3 წლის წინ რიგაში, საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე გაიმართა და მაშინ ქართველებმა მასპინძლები 80:72 დაამარცხეს. ოფიციალური მატჩებში ლატვიელებს აქვთ უპირატესობა, რომელბმაც 1998 წლის 24 თებერვალს რიგაში და ამავე წლის 27 აგვისტოს თბილისში მოგვიგეს.
 
შეგახსენებთ, რომ ლატვიისა და საქართველოს ეროვნული გუნდები ერთმანეთს ორ დღეში,  24 აგვისტოსაც გაეჯიბრებიან და იმ მატჩს ქალაქი ვენტსპილსი უმასპინძლებს.