საქართველო გერმანიაშია. მატჩი 2 დღეში გაიმართება

საქართველო გერმანიაშია. მატჩი 2 დღეში გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ქალაქ ლაიფციგში ჩავა და სამდღიან შეკრებას დაიწყებს, რომელიც გერმანიის ეროვნულ გუნდთან საკონტროლო მატჩით დაგვირგვინდება.
გერმანიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. აქამდე კოკოშკოვის გუნდმა 7 საკონტროლო მატჩი გამართა – 4 მოიგო და 3 წააგო. 13 აგვისტოს შეხვედრა ბოლო მოსამზადებელი მატჩი იქნება გერმანიასთვისაც. აი, რას ამბობს გერმანიის მთავარი მწვრთნელი ფრანკ მეტცი:
“საქართველოსთან მატჩი ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრებამდე ბოლო იქნება და ის ბიჭები უნდა გამოვცადოთ, რომელთა იმედიც სამომავლოდ გვაქვს. საქართველოს ნაკრები იოლი მოწინააღმდეგე ნამდვილად არაა და დასკვნითი შეხვედრისთვის ასეთი მეტოქე განგებ შევარჩიეთ. სწორედ ამგვარ გუნდთან თამაშში მოგვეცემა საშუალება, რომ სუსტი მხარეები დავინახოთ და მათ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ”.
გერმანიის ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებენ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი დირკ ნოვიცკი და ნბა-ში ცნობილი ცენტრი კრის კამანი. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: რობინ ბენცინგი (”ბაიერნი”), ბასტიან დორეტი (“ტრირი”), პერ გიუნტერი (“ულმი”), პატრიკ ჰეკმანი (ბოსტონის კოლეჯი, აშშ), იან-ჰენდრიკ იაგლა (“ბაიერნი”), მატის მიონინგჰოფი (“ტრირი”), ტიმ ოლბრეხტი (უგუნდოდ), ტიბორ პლეისი (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი), ჰეიკო შაფარციკი (“ალბა”), ფილიპ შვეტჰელმი (“ულმი”), ანდრეას სეიფერტი (“ტრირი”), ლუკა შტაიგერი (“ლუდგვისგბურგი”), კარსტენ ტადა (“ბროზე ბასკეტსი”), ფილიპ ცვიენერი (“აისბარენი”).გერმანიისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით21 საათზე, „ლეიფციგ არენაზე“ გაიმართება.