საქართველო – ლატვია: წინასამატჩო ამბები და შემადგენლობები

საქართველო – ლატვია: წინასამატჩო ამბები და შემადგენლობები

ლატვიის ნაკრები საქართველოშია. ქართველებისთვის კარგად ნაცნობი აინარს ბაგაცკისის გუნდი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა და სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დაბინავდა. ჩვენი ჯგუფის მწვრთნელთაგან საქართველოს (და ქართველებს) ნაკრებს ყველაზე კარგად სწორედ ლატვიელთა თავკაცი იცნობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრს ბაგაცკისი მთელი სეზონი აკვირდებოდა, როცა იგი წელიწადნახევრის განმავლობაში „სოხუმს“ წვრთნიდა, ბაგაცკისი მწვრთნელის რანგში შარშან, აგვისტოში, ორჯერ დაუპირისპირდა იგორ კოკოშკოვის გუნდს, ხოლო როგორც მოთამაშეს, ჩვენი ეროვნული გუნდის წინააღმდეგაც ორჯერ უთამაშია.
 

22 აგვისტო, 2011 წელი. ლატვია-საქართველო. აინარს ბაგაცკისი
 
პირადად ბაგაცკისის გამოა, საქართველოსა და ლატვიის ურთიერთშეხვედრების ისტორია ბალტიისპირელთა სასარგებლოდ რომაა. როგორც მოთამაშე, აინარსი 1998 და 1999 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ორჯერ დაუპირისპირდა და ორჯერვე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. რიგაში ბაგაცკისმა 24 ქულა მიითვალა, ხოლო თბილისში – 27. შარშან, საქართველო რომ ევრობასკეტ 2011-ისთვის ემზადებოდა, ბაგაცკისის გაწვრთნილ ლატვიას ორჯერ შეხვდა და თითო მოგებ-წაგებით გაეყარა.
 
ურთიერთშეხვედრებში ლატვიელთა უპირატესობა 3:1-ია. ხვალინდელი მატჩი ბევრად ღირებულია, ვიდრე ისტორია. საქართველოს ნაკრებს მოგება საიმისოდ სჭირდება, რომ D ჯგუფში პოზიცია გაიმყაროს და ევრობასკეტ 2013-ის საგზურის მოპოვების შანსი გაიძლიეროს. ლატვია არაა ხელწამოსაკრავი. მეტიც, ბაგაცკისის გუნდი ძალიან საშიშია, რადგან კალათბურთის ყველაზე მზაკვრულ იარაღს – სამქულიანი სროლების ზუსტად შესრულების უნარს ფლობს.
 
ლატვიას სულ მცირედი დააკლდა სარაევოში გამარჯვებამდე. სარაევოულ შეხვედრის ბოლოს ბაგაცკისის გუნდი ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც – 2 დღის წინ საქართველო. მატჩის ბოლო წუთზე ლატვიელები 1 ქულით იგებდნენ და შეტევაში იყვნენ, თუმცა ბურთი დაკარგეს და საბოლოოდ 3 ქულით დამარცხდნენ. ქულით დაწინაურებულმა საქართველომაც დაკარგა ბურთი ბოლო წუთზე, მაგრამ კოკოშკოვის გუნდმა მოახერხა ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება.

 ზაზა ფაჩულიამ ლატვიელებს ამხანაგნაგურ მატჩში 42 ქულა ჩაუგდო. 22 აგვისტო, 2011 წელი.
ასე რომ, ლატვია თბილისში არაფერს მოერიდება. ძირითადად სამქულიანებით ეცდება ფონს გასვლას, რაკი ფაჩულიას, შერმადინის და შენგელიას დარი ტანმაღალი მოთამაშეები ბალტიისპირელებს არ მოეძევებათ. თავად განსაჯეთ: ზაზა ფაჩულიამ შარშანდელ ამხანაგურ მატჩში ლატვიელებს 42 ქულა ჩაუგდო, რითაც სანაკრებო რეკორდი დაამყარა. სამაგიეროდ ბაგაცკისს სწრაფი, მობილური და ბასრი მიზნის მქონე გუნდი ჰყავს და ამის ხარჯზე ეცდება წარმატების მიღწევას.
 
თბილისში გამომგზავრებამდე ლატვიურ მედიასთან აინარს ბაგაცკისმა საქართველოს ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა:
“ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტია. როგორც რუმინეთთან, ასევე ბოსნიასთან მატჩებში ქართველებმა ძალიან ყოჩაღად დაიწყეს და სოლიდური სხვაობა დააფიქსირეს. მართალია, ბოსნიელებმა მათი დაწევა მოახერხეს, თუმცა, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ და მთავარიც ეს არის. ბოსნიელებმა ქართველების წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს ზონური დაცვა. სწორედ ამ კომპონენტის ხარჯზე აღმოფხვრეს მასპინზლებმა დიდი ჩამორჩენა და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. საქართველოს ნაკრები გამოცდილი გუნდია და მეტოქის შეცდომების გამოყენება კარგად ეხერხება. ამდენად, შეტევაში ძალიან აკურატულები უნდა ვიყოთ და დაცვაში სწრაფად დაბრუნებაც აუცილებელია. იმედი მაქვს, იმ შეცდომების გამოსწორებას მოვახერხებთ, რომელიც ჰოლანდიასთან დავუშვით. შემადგენლობაში ცვლილებაც ამისკენ არის მიმართული. ფრეიმანისმა ბოსნიელებთან სასურველ დონეზე ვერ ითამაშა, თბილისში კი კიდევ ერთ შანსი ეძლევა“.
 
ჩვენ კი გაგაცნობთ მომავალი მატჩის განაცხადსა და მსაჯ-კომისრების ვინაობას. ცნობილია, რომ ნატურალიზებული მოთამაშის ადგილს ჯეიკობ პულენი დაიკავებს, კორი ფიშერი კი განაცხადს მიღმა დარჩება. საქართველოს ნაკრების ქვემოთ მოყვანილ შემადგენლობაში 13 მოთამაშეა. ის, თუ რომელი მათგანი დარჩება 12-კაციანი განაცხადის მიღმა, იგორ კოკოშკოვი ხვალ, მატჩის წინ გადაწყვეტს.