გამოვიდა კიდევ ერთი წიგნი საქართველოს ნაკრების შესახებ – „ქართული სული – ოკინავა, იაპონია“. მისი ავტორია პირველი არხის ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი, რომელიც გასულ წელს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ახლდა.
2023 წლის საკალათბურთო მუნდიალის ერთი ჯგუფის მატჩები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გაიმართა. სწორედ იქ გამოდიოდა საქართველოს ნაკრები და სწორედ ოკინავური ამბები აქვს აღწერილი ავტორს თავის დოკუმენტურ-სპორტულ-სათავგადასავლო წიგნში.
8 ივლისს ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიაში, ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, ვიცე-პრეზიდენტი დავით საყვარელიძე, გენერალური მდივანი, ლაშა გამყრელიძე, ეროვნული გუნდის კალათბურთელები და ჟურნალისტები.
„საქართველოს ნაკრებისთვის გასული წელი ისტორიული იყო – პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. წარმატებასაც მიაღწია, ჯგუფიდან გავიდა და ტოპ-16-ში მოხვდა. ამ მოვლენას ნამდვილად სჭირდებოდა ისტორიაში ჩაწერა და ამისთვის ეს ლამაზი, ილუსტრირებული წიგნი მშვენიერი საშუალებაა. მინდა ავტორს ვუსურვო, რომ ხშირად ჰქონდეს ასეთ დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრების თამაშების გაშუქებისა და წიგნების დაწერის შესაძლებლობა“, – აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი:
„საქართველოს ნაკრებმა შექმნა ისტორია. ისტორიას კი სჭირდება ფურცელზე დაფიქსირება. საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით მოხერხდა ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილის გამგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე და საბოლოოდ მივიღეთ ასეთი საინტერესო წიგნი. მადლობა ამისთვის სპორტის სამინისტროს. ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციას, რომელიც გვერდში უდგას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და ერთობლივად ბევრი წარმატებული საქმის გაკეთება შეგვიძლია“.
გამოცდილმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ საქართველოს ნაკრებს გზა დაულოცა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე და შეახსენა, რომ ორგანიზებას უწევს ლატვიაში ქართველთა თავმოყრას, რათა ჩვენმა ნაკრებმა სათანადო მხარდაჭერა მიიღოს და საკვალიფიკაციო ტურნირზე მაღალი შედეგი უჩვენოს.
ბოლოს, წიგნის შესახებ ისაუბრა ავტორმა ვაჟა სიმონიშვილმა:
„გულდასაწყვეტია, რომ იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებს მხოლოდ ორი ჟურნალისტი ვახლდით, მე და გოჩა კაჭარავა. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდით როგორც ტურნირის შიდა სამზარეულოში, ასევე გარე სამზარეულოში – იაპონიის კულტურასა და ტრადიციებში ჩახედვას. ორი კვირის განმავლობაში წამი არ დაგვიკარგავს უქმად. მადლობა ყველას, ვინც ამ წიგნზე მუშაობის საშუალება მომცა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი დავწერე ერთგვარი, რიუკიუული თავგადასავალი, სამოგზაურო და საკალათბურთო ბლოგი. წიგნში 300 გვერდი და 400 სურათია, დიზაინერ მიხეილ ჯაშთან ერთად ვეცადე, სახალისო საკითხავი, იაპონურ მანგას სტილში გადაწყვეტილი წიგნი გამოსულიყო. ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებსა და კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, რომ არა მათი საოცარი ბრძოლისუნარიანობა, ვერც გუნდი გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე და ვერც მე მოვხვდებოდი ესოდენ ეგზოტიკური ამბების წიგნში გადმოცემას“.