საქართველო – პოლონეთის მატჩისშემდგომი კომენტარები

 
იგორ კოკოშკოვი: “ამ შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პოლონელები ფავორიტებად იყვნენ შერაცხულნი და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მათ ზედა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც საკმარისად აქვთ და პოტენციალიც. პოლონელების დამარცხება ძნელი რომ იქნებოდა, წინასწარ ვიცოდით. რეალურად ასეც იყო, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და გუნდური გარჯის წყალობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფარქვეშ დამაჯერებელ თამაშს – მეტოქეს მოხსნებში 44:21 ვაჯობეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თვეში კიდევ 7 მატჩი გველის”.
იგორ გრიშჩუკი (პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სიმართლე გითხრათ, რაც მზადება დავიწყეთ, ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო. ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი და შესაძლებლობები. ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მომავალ მატჩზე ვიფიქროთ. საქართველოს ნაკრებმა კი შესანიშნავად ითამაშა და შანსი არ დაგვიტოვა”.
ზაზა ფაჩულია: “ვითამაშე კალათბურთი და, როგორც ნახეთ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მხოლოდ ჩემი 26 ქულა არ არის მნიშვნელოვანი, გუნდურად ვითამაშეთ და გამარჯვებაში ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანეთ. რაც შეეხება მარცინ გორტატთან დაპირისპირებას, მასთან ახლოს ვარ და დიდ პატივს ვცემ. ის ამერიკაში მაღალი დონის ცენტრად ითვლება, თუმცა მოედანზე რომ გავდივარ, ნამდვილად არ ვკითხულობ მოწინააღმდეგის გვარს, თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს – მოგება”.
ნიკა ცქიტიშვილი: “პოლონეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია და მისი 19 ქულის სხვაობით დამარცხებას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა მატჩი ისე წარიმართა, ერთ ეპიზოდში დაწინაურების შანსი გაგვიჩნდა და გამოვიყენეთ კიდეც. დაცვაში კარგად გავისარჯეთ. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ”.
მარცინ გორტატი: “ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბევრ მინუსზე მიგვითითა. ეს ის მატჩი იყო, რომელიც ფირზე რამდენჯერმე უნდა დავატრიალოთ და შეცდომები გამოვასწოროთ”.