საქართველომ ავსტრია 25 ქულით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მომდევნო ეტაპზე გავიდა

საქართველომ ავსტრია 25 ქულით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მომდევნო ეტაპზე გავიდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 98:73 დაამარცხა ავსტრია და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა. მართალია, ილიას ზუროსის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა გათამაშების ფორმატის თანახმად, მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო გადიოდა და ქართველებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს.

3 დღის წინ სერბეთთან დიდსხვაობიანი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რეაბილიტირება მოახდინა და დღეს, სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივარი გაახარა. მართალია, ავსტრია არ განეკუთვნება იმ დარ გუნდებს, როგორებიც სერბეთი და გერმანიაა, თუმცა დასავლეთ ევროპელები თბილისში მოსაგებად და იმ შანსის გამოსაყენებლად ჩამოვიდნენ, რასაც სატურნირო ვითარება იძლეოდა. ავსტრიელებს გამარჯვება ხელს აძლევდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა სტუმრებს პირველივე წუთებიდან აგრძნობინა, რომ წარმატების მიზერული შანსი ექნებოდათ.

საქართველოს ნაკრებმა შეკრულ-შეთამაშებულად ითამაშა. პირველ ნახევარში ჩვენი გუნდის მიერ მოგროვებული ქულების უმეტესობა თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომელსაც დიდი შესვენებისთვის უკვე ორმაგი დუბლი ჰქონდა მოგროვებული – 22 ქულა, 11 მოხსნა. პირველი პერიოდის 26:18 მოგების შემდეგ ქართველებმა უფრო გააძლიერეს მეტოქეზე ზეწოლა და მე-15 წუთისთვის ზუროსის გუნდის ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა. მართალია, პირველი ნახევრის ბოლო წუთზე 24-ქულიანი ლიდერობა ავსტრიელებმა 18 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის ზოგად სცენარსა და მიმდინარეობაში არაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში ქართველებმა სრული დომინაცია დაამყარეს მატჩზე და ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ქულების ხვეჭა გოგა ბითაძემ, დუდა სანაძემ, თად მაკფადენმა, გიორგი ცინცაძემ. საქართველოს ნაკრებმა დალაგებული და გააზრებული თამაშით იმდენად სოლიდური უპირატრესობა მოიპოვა, რომ მისი გაბათილება, არაერთი წუთშესვენებისა და ტაქტიკის შეცვლის მიუხედავად, ავსტრიელებმა ვერ შეძლეს.

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და შეხვედრამ აზრი დაკარგა. ილიას ზუროსმა ბოლო პერიოდში მოედანზე ყველა ის კალათბურთელი შეუშვა, რომელსაც მატჩში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. მაყურებელთა ოვაციები ჯერ მოედანზე გასვლისას და შემდეგ ლამაზი გარღვევით დაიმსახურა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელიც მატჩის ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის) მონაწილე გახლდათ.

საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა გოგა ბითაძემ. 15 ქულა დაგროვდა დუდა სანაძის ანგარიშზეც, ხოლო თად მაკფადენმა და გიორგი ცინცაძემ 14-14 ქულა მიითვალეს. ჩვენმა ნაკრებმა პერიმეტრიდან მეტოქე გვარიანად დაჯაბნა – 29 ცდიდან 16 სამქულიანი ჩააგდო, ავსტრიელებმა კი 29 ცდიდან მხოლოდ 8 მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერებთან, გერმანია-სერბეთთან ერთად მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს 3 ნაკრები მეორე ჯგუფში ერთად იქნება, მაგრამ ერთმანეთს არ შეხვდება და ის ქულები გადაჰყვებათ, რაც ამ ჯგუფში ერთმანეთთან დააგროვეს. ამ ნაკრებებს H ჯგუფის (საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი) 3 საუკეთესოსთან მოუწევს მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაპირისპირება. ამ ჯგუფიდან გასვლა საბერძნეთს აქვს გარანტირებული, ხოლო დღეს, გვიან ღამით დანიშნული დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის დაპირისპირება საბოლოოდ გაარკვევს საქართველოს ნაკრების მომავალ – დარჩენილი 2 მეტოქის ვინაობას.

ევროპული ზონის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე  3-3 საუკეთესო – ჯამში 12 გუნდი გავა. 

საქართველო – ავსტრია 
სტატისტიკა: 98:73