საქართველომ ბელგია 22 ქულით დაამარცხა – 81:59

საქართველომ ბელგია 22 ქულით დაამარცხა – 81:59

საქართველოს ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. მოგებაცაა და მოგებაც – იგორ კოკოშკოვის გუნდმა ის ბელგია, რომელთანაც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში შარშან ორივე თამაში წააგო, ფინალურ ეტაპზე 22 ქულით გაანადგურა. ჩვენმა ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა ბელგია, არ ყოფილა ისეთი ეპიზოდი, როცა ქართველებს საქმე სათუოდ გაეხადათ – ჩვენი ნაკრების უპირატესობა პირველი მეოთხედიდან საფინალო სირენამდე იგრძნობოდა და აკი საამაყო გამარჯვებაც დაიმსახურა.
 
ქართველ გულშემატკივრებში დიდი იყო ბელგიელებთან მატჩის მოლოდინი. თითქმის ყველა აღიარებდა, რომ ეს შეხვედრა საკვანძო იყო. გულშემატკივრებს ახსოვდათ ბელგიელებთან შარშან წაგებული ორი მატჩი. საქართველოს ნაკრებმა კი აიღო და 22 ქულით გააცამტვერა ოპონენტი.
 

 
რა იოლი ყოფილა გამარჯვება, როცა გამართულად თამაშობ დაცვაში. კოკოშკოვის გუნდის წარმატება ულაპარაკოდ დაცვის დამსახურებაა. მატჩამდე არაერთ ინტერვიუსა თუ პირად ლაპარაკში ჩვენი ნაკრების წევრები ბელგიელთა სამქუნიანთა მაღალ პროცენტულობაზე ლაპარაკობდნენ. გულშემატკივარიც ყველაზე მეტად შორ სროლებს უფრთხოდა. გამართული ტაქტიკისა და სწორი დაცვის წყალობით საქართველოს ნაკრებმა ბელგიელებს ეს იარაღი მოუსპო. რაკი შორი სროლებით ფონს ვერ გავიდნენ, ბელგიელებს ფარქვეშ არაფერი გამოუვიდათ. ზაზა ფაჩულიან, ვიქტორ სანიკიძემ და ვლადიმერ ბოისამ პირწმინდად დაჩაგრეს სამწამიან ზონაში ყველა ოპონენტი.
 
ქართველებს ისე საიმედოდ ჰქონდათ დაცული საკუთარი სამწამიანი, ისე აკურატულად თამაშობდნენ საკუთარი ფარის სიახლოვეს, რომ ბელგიელებმა მატჩში პირველი საჯარიმო მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთითა და 22 წამით ადრე ესროლეს. კარგმა დაცვამ ქარტველებს შეტევაში გაუხსნა გზა. სიმართლე ითქვას, მეტოქის ფართან თამაში კოკოშკოვის გუნდს ყველაზე მეტად უიოლდება და ჩვენებმაც საიმედო დაცვის ფონზა ფრთები გაშალეს. შეტევაში გამოირჩეოდნენ სანიკიძე, ფაჩულია და ვლადიმერ ბოისა. ამ უკანასკნელმა გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრ თორნიკე შენგელიასთან ერთად ყველა სროლა ჩააგდო. ბოისამ 5–დან 5 ორქულიანი მიითვალა, შენგელიას კი 6–დან არც ერთი ორქულიანი არ აუცილებია. პლუს ამას თორნიკემ 1 საჯარიმოც ჩააგდო და თამაში 13 ქულით დაასრულა. ჩვენიანთაგან ერთადერთი ორმაგი დუბლის შემსრულებელი ვიქტორ სანიკიძეა, რომელმაც 13 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
 
საქართველოს ნაკრების კარგი თამაშის წყალობით თამაშს აზრი საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე დაეკარგა, როცა გიორგი ცინცაძის სროლის შემდეგ ჩვენების უპირატესობამ 22 ქულას მიაღწია. საბოლოოდ საქართველომ სწორედ 22 ქულით მოიგო და უკვე რუსეთთან სახვალიო მატჩზე გადაერთო.  
 
 
საქართველო: ფაჩულია 16, სანიკიძე 13ქ, 11მ, ვ. ბოისა 10, შერმადინი 7, ცინცაძე 8, ჰაინესი 4, შენგელია 13, მარკოიშვილი 5, ცქიტიშვილი 2, ა. ბოისა 2,  გამყრელიძე 1
 
სრული სტატისტიკა:

 

 

 

 

 

ართველ გულშემატკივრებს დარბაზის ერთი მხარე მთიანად შევსებული ჰქონდათ