თბილისში, 24 თებერვალს დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიეშიც დამაჯერებლად მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. ამ გამარჯვებით ილიას ზუროსმა ადგილი დაიჯავშნა იმ 3 გუნდს შორის, რომლებიც ჩვენი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გადიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ესპანეთთან და უკრაინასთან ერთადაა და ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ვერანაირი გათვლით სამეულს მიღმა ვეღარ დარჩება. ჩვენს ნაკრებს 4 შეხვედრიდან 3 გამარჯვება აქვს და დარჩა 2 მატჩი: 1-ელ ივლისს უკრაინაში და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან. აღნიშნული გუნდების ამ ტურის უკრაინაში დაგეგმილი შეხვედრა, ცხადია, გადაიდო ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო. ესპანელებს სამივე მოგება აქვთ, ხოლო უკრაინელებს – მხოლოდ 1.
საქართველოს ნაკრები დიდი დანაკლისით ჩავიდა სკოპიეში: ტრავმირებულები იყვნენ თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი ცინცაძე. ამას დაუმატეთ ნბა-ში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველები და ცხადია, ჩვენს გუნდს უფრო დიდი დანაკლისი ჰქონდა, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონიელებს. თანაც, ბალკანელებს თბილისური მატჩის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, ნენად დიმიტრევსკი შეემატათ და ამ მართლაც ყოჩაღმა კალათბურთელმა 25 ქულა მოუნაგრა მასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 14 ქულის სხვაობით – 79:65 იმარჯვა, მაგრამ ამ სოლიდურ უპირატესობას ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, უკანასკნელ წუთებზე მიაღწია. ამაში კარგად ჩანს ჩვენი ნაკრების მომზადების დონე და მწვრთნელთა ზუსტი ტაქტიკა-გათვლების შედეგი. პირველ პერიოდში უმეტესად ლიდერად ყოფნის შემდეგ, მასპინძლები მთელი თამაშის მანძილზე კუდში მისდევდნენ ჩვენს ნაკრებს, 2-3 ქულით ამცირებდნენ ჩამორჩენას და ნებისმიერ დროს შეეძლოთ სიურპრიზის შემოთავაზება, რომ არა ზუროსის დაცვითი ტაქტიკა. არახალია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის უპირველესი მოთხოვნა და იარაღი საიმედო დაცვაა და ამაზე ბერძენი სპეციალისტი ყველასთან ღიად საუბრობს.
სწორედ დაცვა იყო იმ წარმატების მიზეზი, რის ხარჯზეც საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში საკმაოდ უხერხული მეტოქე საბოლოოდ დამაჯერებლად დაამარცხა. როგორც პერიმეტრზე, ისე სამწამიან ზონაში, ქართველი კალათბურთელები მაქსიმალურად ზღუდავდნენ მეტოქეს და ამ კომპონენტში სტაბილურობამ შეტევაში დაშვებული შეცდომების მიუხედავად შედეგი მაინც გამოიღო.
მხოლოდ 3 ლეგიონერის ამარა დარჩენილ საქართველოს ნაკრებს დიდი დახმარება გაუწიეს სუპერლიგის მოთამაშეებმა. იყო ეპიზოდი, როცა მოედანზე მყოფი ხუთივე კალათბურთელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან იყო. ილია ლონდარიძე და ბექა ბექაური საკმაოდ აქტიურები იყვნენ და სარგებელიც მოუტანეს ჩვენს ნაკრებს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ლიდერის ფუნქციებიც ითავეს: “ოლიმპის” მოთამაშე კახა ჯინჭარაძემ კარიერაში საუკეთესო სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა. ის ძალიან შედეგიანი იყო იმ არასრულ 28 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, თუმცა განსაკუთრებით ბოლო წუთებზე გამოირჩა, როცა შეტევაში 2 უმნიშვნელოვანესი მოხსნა მიითვალა, ჩაჭრაც გაახერხა და გარღვევა-საჯარიმოებიც ჩააგდო.
არანაკლებ შედეგიანი და სასარგებლო იყო “რუსთავის” წევრი მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც იუბილარი გახლდათ. ბოქოლიშვილმა მის 30-ე დაბადების დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას 11 ქულა ჩაუგდო, დაცვაში საიმედო იყო და 4 შედეგიანი გადაცემაც გაიღო. უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო კიდევ ერთმა სუპერლიგის მოთამაშემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც ასევე 4 პასი მიითვალა და მატჩში უმეტესი – 4 ბურთი ჩაჭრა. კიდევ ერთმა ოლიმპელმა, გივი ბაქრაძემ მხოლოდ 5:35 წუთი ითამაშა და ამ მოკლე ხანში 2 მოხსნა და 2 პასი ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს.
ყველაზე შედეგიანი ამჯერადაც გიორგი შერმადინი გახდა. მართალია, 13 ქულით თავად “შერმინატორი” კმაყოფილი არ დარჩა, თუმცა ამას დამატებული 8 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება ჩვენს გუნდში ყველაზე მაღალი (21) სარგებლიანობის ინდექსის დასაფიქსირებლად საკმარისი აღმოჩნდა. ბომბარდირი კვლავ თად მაკფადენი გახდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 24 ქულა და 5 პასი მოაგროვა. დუდა სანაძემ, რომელიც ფორმის აღდგენის პროცესშია, მოედანზე 23 წუთი გაატარა და ბურთები საკმაოდ საკვანძო მომენტებში ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა.
საქართველოსთან ერთად მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა ესპანეთმა, რომელიც უდანაკარგოა და ცხრილში ილიას ზუროსის გუნდს იმის გამო ჩამორჩება, რომ ნაკლები მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-3 ფანჯარა ივლისის დასაწყისში გაიმართება.
ჩრდ. მაკედონია vs საქართველო
სტატისტიკა: 65:79