საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 21 ქულით დაამარცხა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა, რომელსაც არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა, ისტორულად უხერხულ მეტოქეს ისე მოუგო, პრობლემა არ შეჰქმნია.
არადა, საფრთხე, რომ საქართველოს ნაკრებს ჩრდილომაკედონიელებთან გაუჭირდებოდა, არ იყო საფუძველს მოკლებული. ჩვენს გუნდს აკლდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე და კიდევ რამდენიმე ძლიერი კალათბურთელი. ამის მიუხედავად, საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას პირწმინდად აჯობა და ამისი მიზეზი უპირველესად მეტოქეზე მაღალი სათამაშო კლასი და მწვრთნელის ფაქტორი იყო.
ილიას ზუროსის და მისი ასისტენტების მომზადებულმა ჩვენმა ნაკრებმა დისციპლინის დაცვით, მაქსიმალურად მობილიზებულად ითამაშა. ყოველ მონაკვეთში, ბოლოს 23 ქულითაც რომ იგებდნენ, ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ. ბერძენი სპეციალისტი მოთამაშეებისგან მაქსიმუმს ითხოვდა და მთელი თამაშის მანძილზე ჩვენიანებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.
შედეგად, საქართველომ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და დასაწყისში რომ დაწინაურდა, მცირე ეპიზოდების გარდა, ლიდერობას განუხრელად ზრდიდა. ჩვენს გუნდს ჩრდილომაკედონიელებთან მხოლოდ 3 ლეგიონერი – გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე და თად მაკფადენი ჰყავდა, რომლებმაც დიდებულად ითამაშეს, თუმცა აღსანიშნავია სუპერლიგის მოთამაშეების გარჯაც. ოლიმპელმა კახა ჯინჭარაძემ და ილია ლონდარიძემ ბოლომდე, სამაგალითოდ იბრძოლეს და გამარჯვებაში თავისი წილი შეიტანეს.
ჩინებულად გაისარჯა და არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო თსუ-ს წევრმა მიხეილ ბერიშვილმა და ბათუმელმა ბექა ბექაურმა. მართალია, გივი ბაქრაძეს ბურთი არ ჩაუგდია, თუმცა მას კარგად აკონტროლებდა და საიმედოდ გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე, სადაც უკვე თანაგუნდელები აგვირგვინებდნენ – უმეტესად წარმატებით. სტაბილურად გაისარჯა რუსთავის ფორვარდი მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული, ხოლო ანგარიშზე, ისევე როგორც ლონდარიძეს და ბექაურს, 4 ქულა დაუგროვდა.
საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც სარგებლიანობის 35 ინდექსს უწია. მის ანგარიშზე 20 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. თად მაკფადენმა 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 11 ქულა დუდა სანაძემ მიითვალა, ხოლო მიხეილ ბერიშვილისა და კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებს 3 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვს და ცხრილში დაუმარცხებელი ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილზეა. ამ ტურში ესპანეთმა შინ 88:74 დაამარცხა უკრაინა. 27 თებერვალს საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას კვლავ დაუპირისპირდება.
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
სტატისტიკა: 91:70