საქართველომ ესტონეთიც დაამარცხა და ჯგუფში პირველობა გაინაღდა

საქართველომ ესტონეთიც დაამარცხა და ჯგუფში პირველობა გაინაღდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში, 88:87 დაამარცხა ესტონეთი და ერთი ტურით ადრე ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ესტონეთი საქართველოს დარად წაუგებელი იყო საწყის სამ მატჩში, თუმცა მეოთხე ტურში ქართველებმა ბალტიელებს დამარცხება აგემეს და ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ. ჩვენი ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რუმინეთს ხვდება და რომც წააგოს, ესტონეთთან პირადი მოგების წყალობით მაინც პირველ ადგილზე დარჩება.
 
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. დავით უსტიაშილის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები თამაშის დასრულებამდე 4:51 წუთით ადრე 10 ქულა (81:71) იგებდა, მაგრამ ესტონელებმა გათანაბრება და წინ გასვლაც კი მოახერხეს. უფრო სწორად, ბალტიელთა უკანახაზელმა, რეინ ვეიდემანმა აკეთა სასწაულები. ამ კალათბურთელმა ბოლო 4:30 წუთში 16 ქულა ჩაგვიგდო. მის გარდა ესტონელთაგან აღნიშნულ პერიოდში ქულა არავის მოუხვეჭია.
 

მერაბ ბოქოლიშვილმა ესტონეთს გამარჯვების ბურთი ჩაუგდო
 
ვიედმანის გააქტიურებას ის დაერთო, რომ დასრულებამდე 02:45 წუთით ადრე 5 პერსონალურის გამო მოედნიდან ჩვენი გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელია გავარდა. მან მეხუთე ჯარიმა შეტევაში მიიღო, როცა ქართველები 82:78 იგებდნენ. ვიედმანმა კიდევ უფრო გაილაღა და მას ჩვენები ჯარიმებით თუღა აჩერებდნენ, თუმცა ესტონელი სროლებს ზუსტად ასრულებდა და საფინალო სირებამდე 01:47 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 83:83.
 
ამ მომენტში უმნიშვნელოვანები სამქულიანი ჩააგდო ბექა ჩიკვილაძემ და ქართველები 86:83 დაწინაურდნენ. თუმცა ვიედმანმა იმდენი ქნა, რომ დასრულებამდე 12 წამით ადრე საჯარიმო სროლებით ესტონეთი 87:86 დააწინაურა. ქართველებს ბოლო შეტევა დარჩათ, რომელიც ზუსტი ორქულიანი სროლით დააგვირგვინა მერაბ ბოქოლიშვილმა და საქართველოს გაამარჯვებინა. ჯგუფის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: რუმინეთი – მაკედონია 49:64, პოლონეთი – შვეიცარია 86:75.
 
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. რუმინეთთან შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა დაეკარგა – უსტიაშვილის გუნდი წაგების შემთხვევაშიც პირველ ადგილზე რჩება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მომდევნო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც A და B ჯგუფების 2–2 საუკეთესო გუნდი შეავსებს. საქართველო მეორე ჯგუფში პრემიალური, ოქროს ქულით შევა, რადგან ჩვენი ჯგუფიდან მეორეზე გასულ გუნდთან (ესტონეთი ან პოლონეთი) პირადი მოგება ექნება. ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობა ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. მომდევნო ეტაპის საგზურისთვის B ჯგუფში დანია, ბულგარეთი და სლოვაკეთი იბრძვიან.
 
 
 
ბოლო წუთების ქრონოლოგიას ცალკე გთავაზობთ:
00:06   87-88  [საქ] მ. ბოქოლიშვილი – 2–ქულიანი ჩააგდო (4 ქ)
00:12   87-86  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (34 ქ)
00:12   86-86  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (33 ქ)
01:16   85-86  [ესტ] რ. ვიედმანი – 2–ქულიანი ჩააგდო (32 ქ)
01:32   83-86  [საქ] ბ. ჩიკვილაძე – 3–ქულიანი ჩააგდო (17 ქ)
01:47   83-83  [ესტ] რ. ვიედმანი – 3–ქულიანი ჩააგდო (30 ქ).
02:36   80-83  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (27 ქ)
02:36   79-83  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (26 ქ)
03:31   78-83  [საქ] თ. შენგელია – საჯარიმო ჩააგდო (33 ქ)
03:31   78-82  [საქ] თ. შენგელია – საჯარიმო ჩააგდო (32 ქ)
03:45   78-81  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (25 ქ)
03:45   77-81  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (24 ქ)
04:05   76-81  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (23 ქ)
04:05   75-81  [ესტ] რ. ვიედმანი – საჯარიმო ჩააგდო (22 ქ)
04:30   74-81  [ესტ] რ. ვიედმანი – 3–ქულიანი ჩააგდო (21 ქ)
04:51   71-81  [საქ] თ. შენგელია – 2–ქულიანი ჩააგდო (31 ქ)
 
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 17 ივლისი
ესტონეთი 87:88 საქართველო
18-21, 25-24, 19-23, 25-20
 
 
 
 
სატურნირო ვითარება
1.       საქართველო                4        4/0     333/305       8
2.         ესტონეთი                            4          3/1       358/278          7
3.         პოლონეთი                           4          2/2       291/292          6
4.         რუმინეთი                            4          2/2       222/258          6
5.         მაკედონია                            4          1/3       286/305          5
6.         შვეიცარია                             4          0/4       260/312          4
 
ტურნირის მექულეები
 
1.         შენგელია.                 საქართველო                      32.5
2.         ეილინგსფელდი     უნგრეთი                             25.3
3.         გრზნარი                  სლოვაკეთი                          23.3
4.         პალასონი.                ისრაელი                               21.3
5.         რიჩარდსი                ბრიტანეთი                          20.0