საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 84:79 (სტატისტიკა) დაამარცხა მონტენეგრო და თბილისის საერთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა. გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ თბილისის საერთაშორისო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისგან, ვიქტორ სანიკიძისგან ჩაიბარა.
როგორც ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტურნირის მოგებაზე მნიშვნელოვანი ის გამოცდილება იყო, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა ამ მატჩებისგან მიიღო. გუშინ, იორდანიის ძლევის შემდეგ ქართველებს მართლაც ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მონტენეგრო თბილისს ნბა-ს გასული ოლ სტარის მონაწილე ნიკოლა ვუჩევიჩთან ერთად ესტუმრა. თბილისამდე მონტენეგროელებმა სლოვენიაში, ამ ქვეყნის ნაკრებთან ითამაშეს და ბრძოლაში, 100:104 წააგეს.
საქართველოსა და მონტენეგროს დღევანდელი დაპირისპირება ისტორიაში მე-4 გახლდათ. აქამდე ამ ქვეყნის გუნდები ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ორჯერ და 2022 წლის ევრობასკეტზე, თბილისში შეხვედრილან. მონტენეგროელებს 2-ჯერ ჰქონდათ მოგებული, საქართველოს კი ერთხელ – სტუმრად, როცა ვიქტორ სანიკიძის ლამის ცენტრიდან ჩაგდებული საკვანძო სამქულიანით ქართველებმა სტუმრად იმარჯვეს და ევრობასკეტ 2017-ის საგზური მოიპოვეს,
მე-4 და ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მშვენივრად ითამაშა. ილიას ზუროსს კარგი საშუალება ჰქონდა, როტაციისთვის მიემართა და საქმეში ბოლომდე ენახა ის კალათბურთელები, რომელთა შესაძლებლობებზე ბევრი რამე იქნება იაპონიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე დამოკიდებული. მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველი სრულყოფილი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ითამაშა. ბითაძემ თამაშიდან შესრულებული ყველა სროლა – 7-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 სამიანი ჩააგდო. მწვრთნელმა, გულშემატკივრებმა და ყველა ქომაგმა იხილა ის სრული არსენალი, რომელიც ბითაძეს გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე ცენტრის აქვს, ბითაძეს პერიმეტრზეც შეუძლია თამაში და ეს მან 2 ცდიდან ჩაგდებული 2 სამქულიანით გამოავლინა. მართალია, ბალკანელებს ვუჩევიჩი-დუბლევიჩის სახით უძლიერესი წინა ხაზი ჰყავდათ, თუმცა შერმადინის, იგივე ბითაძის, მამუკელაშვილისა და რაღა თქმა უნდა, თორნიკე შენგელიას მონდომების ხარჯზე ფარქვეშ ჩვენებს ბრძოლა არ დაუთმიათ.
ილიას ზუროსმა არაერთი მოთამაშე გამოცადა, მოედანზე ხან სიმაღლეზე ორიენტირებული ხუთეული ჰყავდა, ხანაც უფრო მოძრავი, სწრაფი და კონტრშეტევებზე მომართული. საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამი იყო ღრმა, რადგან მოედანზე ისეთი მოთამაშეები ენაცვლებოდნენ, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.
საქართველო პირველ ტაიმში უფრო ლაღად თამაშობდა და მოიგო კიდეც საწყისი 20 წუთი (45:39). ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პერიმეტრიდან ტყორცნები იყო – 9 რეალიზებული სამიანი. მესამე პერიოდში მონტენეგროს დაცვა გაცილებით აგრესიული გახდა და მეტოქემ არათუ გათანაბრება მოახერხა, 7 ქულითაც დაწინაურდა. თუმცა, ბითაძის ჩატენვითა და მაკფადენის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით ქართველებმა სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს.
როგორც ამ გუნდების წინა შეხვედრებში, გამარჯვებულის ბედი ამჯერადაც ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა, მატჩის ბედი კი ისევ და ისევ სამქულიანებმა გადაწყვიტა: მეოთხე პერიოდის კრიტიკულ მომენტებში პერიმეტრიდან თავი ბითაძემ, მაკფადენმა და მამუკელაშვილმა გამოიჩინეს. მამუმ სულაც სირენამდე 1:33 წუთით ადრე ჩააგდო ურთულესი სამიანი და სხვაობა 7-მდე გაზარდა – 79:72. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო წამებზე მეტოქე განზრახ ფოლების ტაქტიკაზე გადავიდა და დუდა სანაძემ საჯარიმო სამჯერ ზუსტად შეასრულა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგიანობა მაკფადენმა და ბითაძემ გამოავლინეს. ნატურალიზებულმა ამერიკელმა 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 19 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა-ჩაჭრა მიითვალა. ბითაძე 21 ქულით ბომბარდირი გახდა, რომელმაც 6 მოხსნა და თითო დაფარება-პასიც მოაგროვა. 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი თორნიკე შენგელიამ მიითვალა, 10-10 ქულა დუდა სანაძის და სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. მამუმ 9 მოხსნა და 2 დაფარებაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს დახურული ტიპის ამხანაგურ მატჩს ირანის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა. ირანელებმა იორდანიას 81:73 (სტატისტიკა) მოუგეს.