საქართველომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი “თბილისი არენაზე” დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დამატებით დროში, 82:76 (სტატისტიკა) დაამარცხა და ევრობასკეტისთვის აშენებული ახალი, 10000 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი ჭეშმარიტად საკალათბურთოდ, საზეიმოდ გაიხსნა. გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც – საქართველოს დედაქალაქს პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ესტუმრა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი მარცხი იწვნია.
4 დღის წინ, უკრაინასთან რიგაში განცდილი მარცხის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდმა სრული რეაბილიტაცია მოახდინა და დაამტკიცა, რომ 1 ივლისს განცდილი წაგება უბრალო, ერთჯერადი ჩავარდნა გახლდათ, რომელიც ნებისმიერ გუნდს ემართება. ჩვენმა ნაკრებმა 4 დღეში მოახერხა წაგებისაგან სწორი დასკვნების გამოტანა, თითოეულმა მოთამაშემ და საწვრთნელო შტაბმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო უძლიერეს მეტოქესთან ბრძოლაში და პირთამდე სავსე “თბილისი არენას”, კალათბურთის ყველა გულშემატკივარს და მთლიანად საქართველოს, ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა.
ესპანეთის ნაკრები არ იყო უძლიერესი შემადგენლობით, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ამცირებს ჩვენი ნაკრების დამსახურებას. გამარჯვება საგმირო და საამაყოა, რადგან საქართველომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, რომელიც ევროპის უძლიერესი საკალათბურთო ლიგა “Endesa”-ს საუკეთესო მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. საქართველოს ნაკრებს არ მოუგია ერთი კონკრეტული მოთამაშის გამო. გუნდური, თავდადებული თამაშის წყალობით, რაშიც თითოეული კალათბურთელის ოფლი იყო ჩაღვრილი, ილიას ზუროსის გუნდმა ის რთული მომენტი გადაიტანა, რაშიც ძირითადი დროის ბოლო წუთზე, დარიო ბრიზუელას წარმოუდგენელი სამქულიანის შემდეგ ჩავარდა. თავად განსაჯეთ: ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრები იგებდა 3 ქულით და ესპანელებმა ჯერ სირენამდე 28 წამით, შემდეგ კი 24 წამით ადრე სამქულიანები ააცილეს. ორივე შემთხვევაში ბურთი სტუმრებმა მოხსნეს და ბრიზუელამ, ისე რომ მეურვე “ხელზე ეჯდა”, ურთულესი, გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო.
ჩვენს ნაკრებს შესატევად 18 წამი ჰქონდა, თუმცა კაპიტან თორნიკე შენგელიას გამარჯვების ბურთი საფინალო სირენის თანხლებით მიზანს ოდნავ ასცდა. 67:67 და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ესპანელები სამჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ სამივეჯერ მიიღეს პასუხი. მთავარი დარტყმა ესპანელებმა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილისგან მიიღეს, რომელმაც თად მაკფადენის ტყვიასავით პასი სამქულიანად აქცია, შემდეგ კი ფერან ბასასს ჩაუჭრა და სწრაფი შეტევა დამაწინაურებელი ორქულიანით დაასრულა – 74:73.
ესპანელებმა ისევ სამქულიანით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ რაც ბასასმა ააცილა, ანდრონიკაშვილმა ჩააგდო – რატიმ წინა ეპიზოდებში ჩაგდებული ბურთებით მიღებული მუხტი არ გააცივა და პერიმეტრზე წამიერად მარტო დარჩენილმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მიითვალა, რითაც საქართველო დასრულებამდე დარჩენილი 2 წუთით ადრე 77:74 დააწინაურა. ესპანელებმა ისევ დაძაბეს ვითარება, როცა ჟოელ პარამ ორქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონების მოწადინებას თად მაკფადენმა დაუსვა წერტილი, რომელმაც თორნიკე შენგელიას უზადო პასს სამქულიანი მოაყოლა და საქართველო 80:76 გაალიდერა.
ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა და ახალაშენებულ “თბილისი არენაში” მსოფლიო ჩემპიონის დამარცხებით გამოწვეულმა მძაფრმა ემოციებმა დაისადგურა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა ანდრონიკაშვილმა, რომელმაც 17 ქულა, აქედან 8 – ოვერტაიმში ჩააგდო. ძალიან შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ნაკრების კაპიტანმა 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი – 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება. 3 დაფარებით გამოირჩა და გუნდს პლუს 5 ქულა და 4 მოხსნაც შეაშველა ბექა ბექაურმა, რომელიც ლატვიაში არ იმყოფებოდა და განაცხადში გოგა ბითაძის ადგილი დაიკავა. გამოსარჩევია მაკფადენის 16 ქულა და 8 პასი, ასევე დუდა სანაძის 2 მნიშვნელოვანი სამქულიანი და ჯამში მითვლილი 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა დაასრულა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 მოგება, 2 მარცხი. ჩვენს ნაკრებს მეორე ეტაპზე ესპანეთთან და უკრაინასთან მოპოვებული 2 გამარჯვება მიჰყვება. ჩვენი ჯგუფის დარჩენილი ბოლო შეხვედრა 7 ივლისს, უკრაინასა და ესპანეთს შორის, რიგაში გაიმართება. უკრაინელთა გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამივე ნაკრებს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს 2-2 გამარჯვება გაჰყვებათ.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი:
„მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. დიდებული იყო ჩვენი გუნდის ენერგია, რაც გულშემატკივარმა მოგვცა. ენერგია მოდიოდა მათგანაც, ვინც სახლიდან გვიყურებდა. ვამაყობთ, რადგან დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ახლა დავისვენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ.
– როდის ვიგრძენი, რომ მოვიგებდით? – დილას ვიგრძენი, მაშინ, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები, მათი მიდგომა, მათი მონდომება. დღეს დავინახეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება. მადლობა შერმადინსა და შენგელიას, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელებს დაელაპარაკნენ, რაც გუნდის სულისთვის აუცილებელი იყო.
დაცვა გამარჯვების მთავარი საწინადრი იყო. მეტოქეს იოლი ბურთების ჩაგდება დავანებეთ, თუმცა წუთშესვენების შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ბექაურმა ბევრი დაფარება გააკეთა, ბევრი ბურთი მოხსნა, შენგელია, შერმადინი – ყველა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაცვამ მოგვაგებინა. ევრობასკეტზე ბევრი ძლიერი მეტოქე გვყავს. ბულგარეთი, ბელგია ძალიან ძლიერები არიან. მონტენეგრო ძალიან ძლიერია. თურქეთსა და ესპანეთს NBA-ს კალათბურთელები ჰყავთ.
– ველოდებით სანდრო მამუკელაშვილს, გოგა ბითაძეს. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. გვინდოდა წნეხი მოგვეხსნა მაკფადენისთვის და მან კარგად ითამაშა. თუმცა უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი. ერთი თამაში არაფერს ნიშნავს, მთავარია სტაბილურობა და სწორი გზით მუშაობა“.
თორნიკე შენგელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი:
„გამოვაჩინეთ სახე, როგორ შეგვიძლია ორი სხვადასხვა ტიპის მატჩი ჩავატაროთ – ცუდი და კარგი. პროფესიონალები ვართ და როცა ვიცით, სამ დღეში თამაშია, უნდა მოვახერხოთ, ერთ დღეში გავაანალიზოთ წინა შეხვედრა და მომდევნოზე მოვახდინო კონცენტრირება.
დიდი ენერგიის წყარო მოგვცეს ბექა ბექაურმა, რატი ანდრონიკაშვილმა და ყველა კალათბურთელმა, ვინც სათადარიგოთა სკამზე იყო. ეს ენერგია იგრძნობოდა დილიდანვე, რასაც დაემატა გულშემატკივრის მხარდაჭერა – ენით აუწერელი იყო.