საქართველომ ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. შენგელიას 30 ქულა და 21 მოხსნა

საქართველომ ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. შენგელიას 30 ქულა და 21 მოხსნა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი მოიგო. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ბულგარეთი დაამარცხა და ნახევარფინალის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. რამდენიმე წუთში დაიწყება ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც დანია ესტონეთს ხვდება და თუკი დაამარცხებს, საქართველო და დანია მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდებენ ნახევარჯინალში თამაშს. ასე იქნება თუ ისე, საქართველო ამ მომენტისთვის ჯგუფიდან გასვლის ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაში იმყოფება.
 
ორმაგად სასიხარულოა, რომ საქართველომ მიმდინარე ტურნირზე ყველაზე იოლად იმარჯვა. დავით უსტიაშვილის გუნდი რომ პროგრესირებს, მთელი შეჯიბრის განმავლობაში ჩანს. დღეს ქართველებმა ბულგარეთთან მატჩი 7:0 ლიდერობით დაიწყეს და მთელი შეხვედრის მანძილზე მეტოქე ახლოს არ მიუკარებიათ. საქართველომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 20–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (60:50) და თამაშს აზრი თითქმის საერთოდ დაუკარგა. მართალია, ბულგარელები გააქტიურდნენ და 3 წუთში ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშეებმა – თორნიკე შენგელიამ და დუდა სანაძემ მორიგი ქულები მიითვალეს და ბოლო წუთი დაწყებული იყო, საქართველომ ლიდერობა 15 ქულამდე რომ გაზარდა.
 
მატჩის გმირი კვლავ თორნიკე შენგელიაა, რომელმაც 30 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა. შენგელია პირველივე ტურიდან ბომბარდირთა შორის ლიდერობდა და ახლაც პირველია, ხოლო დღევანდელი მატჩის შემდეგ იგი მომხსნელებში პირველ ადგილზე  მყოფ დანიელ ცენტრს მიუახლოვდა. შენგელია შეუჩერებელი იყო. 19 წლის ახალგაზრდა ქართველმა 12 ცდიდან 9 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 5–დან 2 სამიანი და 8–დან 6 საჯარომოც მოაყოლა.
 
1 მოხსნა დააკლდა მორიგ ორმაგ დუბლამდე აკაკი დვალიშვილს, რომელმაც 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. დუდა სანაძემ 19 ქულით შენგელიას შემდეგ გუნდის მეორე ბომბარდირობა შეითავსა.
 
ამ წუთებში იწყება დანია–ესტონეთის შეხვედრა, სადაც ქართველები დანიას ვქომაგობთ, რათა საქართველომ ჯგუფიდან გასასვლელი საგზური გაინაღდოს. ხოლო თუკი ესტონეთი იმარჯვებს, ბოლო ტურში საქართველო დანიას შეხვდება და დიდი შანსია, მოგებასთან ერთად საქართველოს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წაგებაც ეყოს. ფაქტი კი ერთია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: ამ მომენტში საქართველო ჯგუფიდან გასვლის ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაშია.
 
 
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 20 ივლისი
 
საქართველო 88:75 ბულგარეთი
23-16, 24-23, 19-15, 22-21