საქართველომ შესარჩევი ტურნირი ჰოლანდიასთან რევანშით დაასრულა

საქართველომ შესარჩევი ტურნირი ჰოლანდიასთან რევანშით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა, რომელმაც მთავარი მისია წინა ტურში შეასრულა, ბოლო მატჩში ჰოლანდია დაამარცხა.  შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში მყოფ საქართველოს მეორე ადგილზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, თუმცა ჰოლანდიის ნაკრებთან ბოლომდე იბრძოლა და დამსახურებულად გაიმარჯვა – 97:89.

 

 
ანგარიშში სხვაობა შესაძლოა იმდენად დიდი არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ჰოლანდიამ 28 აგვისტოს გამართული მატჩი მოგვიგო, თანაც დღეს საქართველო სასტარტო ხუთეულის 2 წევრის – ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გარეშე თამაშობდა. ჰოლანდია მებრძოლი გუნდია და ეს დღევანდელ მატჩშიც დაამტკიცა, როცა 14-ქულიანი ჩამორჩენა ბოლო მეოთხედში ექვსამდე შეამცირა.
 
საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტ მომენტში მეტოქეს არაფერი დაუთმო და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ჰოლანდიელებს მოგების შანსიც არ გასჩენიათ. სტაბილურად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 13 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულიან ზღვარს მანუჩარ მარკოიშვილი (22) და ჯეიკობ პულენიც (23) ასცდნენ. გიორგი ცინცაძემ შეხვედრა 14 ქულითა და 6 პასით დაასრულა, 8 ქულა ჰქონდა გიორგი შერმადინს.
 
ამით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი დაასრულა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. კოკოშკოვის გუნდის საბოლოო შედეგი 6 მოგება და 2 მარცხია. მოგებ-წაგებათა ანალოგიური შეფარდება აქვს ბოსნიასაც, რომელმაც საქართველოს პირად მატჩებში ნაჩვენები ბურთების შეფარდებით აჯობა. საქართველომ სარაევოში მასპინძლები 1 ქულით დამარცხა, ხოლო ბოსნიელებმა თბილისში 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს. სწორედ ამ მცირე უპირატესობის გამო დაიკავა ბოსნიამ პირველი ადგილი.
 

 
მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრების წევრებმა მადლობა გადაუხადეს სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკივრებს. ევროპის  ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად, ნაკრების ყველა წევრმა მაისური გადაიცვა წარწერით: „ევრობასკეტ 2013“.
 
საქართველოს ნაკრების ლეგიონერები ხვალ-ზეგ დატოვებენ საქართვეკლოს და თავიანთ კლუბებს მიაშურებენ. 18 ნოემბერს კი ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართება, სადაც ჩვენს მომავალ მეტოქეებს შევიტყობთ.
 
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. თბილისი. 11 სექტემბერი
საქართველო 97:89 ჰოლანდია
25-21, 29-22, 18-16, 25-30

D ჯგუფი
რუმინეთი – ლატვია 77:85

1.

ბოსნია

8

6/2

736/672

14
2.

საქართველო

8

6/2

707/666

14
3.

ლატვია

8

5/3

655/584

13
4.

ჰოლანდია

8

2/6

667/726

10
5.

რუმინეთი

8

1/7

569/686


 

სლოვენიისკენ…