საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვენის მულტიფუნქციურ – Schwechat არენაზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები შედარებით მცირე ხანს ავარჯიშა, ვიდრე თბილისში, გამგზავრების წინა დღეს. მგზავრობის შემდეგ ბერძენი სპეციალისტი დატვირთებს მოერიდა და ვარჯიშმა მხოლოდ საათსა და 15 წუთს გასტანა.
ტრადიციულად, ზუროსმა ყურადღება დაუთმო კომბინაციებს, მაგრამ არც სროლები დავიწყებია და ნაკრების წევრები საკმა ხნით შორი თუ საშუალო ტყორცნებით დაკავდნენ. ნაკრებმა მაიკლ დიქსონის გარეშე – 11 მოთამაშით ივარჯიშა. ამერიკელი უკანახაზელი ეროვნულ გუნდს 22 თებერვალს შეუერთდება.
საინტერესო ფაქტია, რომ ავსტრიის ნაკრები ვენაში არაა. მასპინძელთა გუნდი სენტ პოლტენში ვარჯიშობს და ვენაში, სადაც 23 თებერვალს საქართველოს უნდა დაუპირისპირდეს, მატჩის წინა დღეს ჩამოვა. შესაბამისად, ავსტრიელებს Schwechat არენაზე ჯერ არ უვარჯიშიად. საქართველოს ნაკრები მორიგ ვარჯიშს 22 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე გამართავს.