საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და სომხეთს შეხვდება

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და სომხეთს შეხვდება

გიბრალტარში მიმდინარე ევროპის 16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის C დივიზიონში საქართველოს ნაკრები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს. გიორგი გოლიაძისა და მაია ჩარგეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძელი გიბრალტარი 77:41 (სტატისტიკა) გაანადგურა და მე-5 ადგილისთვის მატჩში სომხეთს შეხვდება.

ქართველებს სომხეთი უკვე დამარცხებული ჰყავს. საქართველომ მეზობელი ქვეყნის ნაკრები 11 ივლისს, ჯგუფის ბოლო ტურში 83:71 დაამარცხა. სწორედ საქართველო და სომხეთი ვერ გავიდნენ ჯგუფიდან და თავისი საკვალიფიკაციო მატჩების მოგების შემდეგ ამ გუნდების გზები მე-5 ადგილისთვის მატჩში კვლავ გადაიკვეთა.

ფინალში გავიდნენ სწორედ სომხეთისა და საქართველოს ჯგუფიდან ნახევარფინალში გადასული გუნდები – აზერბაიჯანი და კვიპროსი. კვიპროსთან საქართველო ბოლო წამებზე – 1 ქულით დამარცხდა და ამის გამო ვერ გავიდა ჯგუფიდან. კვიპროსმა კი ნახევარფინალში სხვა ჯგუფის პირველადგილოსანი მალტა დაამარცხა და ფინალშია.

გიბრალტართან მატჩში 19 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა ელენე ნიგურიანი. ნიცა საბადაშვილი 22 ქულით ბომბარდირი გახდა და მის ანგარიშზე ასევე 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი დაგროვდა, ანა მესტუმრიშვილმა შეხვედრა 12 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.

საქართველოსა და სომხეთის მე-5 ადგილისთვის მატჩი თბილისი დროით 15:00 საათზე დაიწყება.