საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგა ზაზას ფაჩულიას აკადემიის გუნდმა მოიგო

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგა ზაზას ფაჩულიას აკადემიის გუნდმა მოიგო

დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგა, რომლის გამარჯვებულიც გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის მე-4 გუნდი. აკადემიელებმა ფინალურ სერიაში დაამარცხეს გარდაბნის მუხბე. სერია მეტად დაძაბული და ემოციური გამოდგა. ბექა და ირაკლი ჯანხოთელების გაწვრთნილმა მუხბემ პირველ მატჩში 3 ქულით დაამარცხა ზაზა 4, ხოლო მეორე დღეს აკადემიელებმა ამ სხვაობის გაბათილება და სასურველი ანგარიშით გამარჯვება მოახერხეს – 71:65 და რეზი მაღლაფერიძის გაწვრთნილი ზაზას აკადემიის მე-4 გუნდი ჩემპიონი გახდა.

16-წლამდელთა C ლიგა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი იყო გასულ სეზონში, რომელშიც 50 გუნდი მონაწილეობდა. 10 ჯგუფში ჩატარებული 2 წრის შემდეგ პლეი ოფში 32 საუკეთესო გავიდა, რომლებმაც 1/16 ფინალიდან დაიწყეს პირველობისთვის ბრძოლა. ზაზა 4-მა და მუხბემ მართლაც ღირსეულად მოახერხეს ფინალში გასვლა და თავიანთ ქომაგებს ბრძოლის მაგალითი აჩვენეს. ფინალური მატჩი მეტად ემოციური გამოდგა, რომელსაც ორივე გუნდის ბლომად გულშემატკივარი დაესწრო.

შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა, რაც ხელს მუხბეს აძლევდა. ბოლო პერიოდის მიწურულს ზაზას აკადემიელებმა მათე ნებიერიძის წინამძღოლობით ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწიეს – 70:60 დაწინაურდნენ. დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა და ზაზას 4 ქულით გამარჯვება ესაჭიროებოდა. მიზანი თითქმის მიღწეული ჩანდა, თუმცა ლუკა გუგუსიანმა ჯერ ორიანი, შემდეგ კი სამქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე 28 წამით ადრე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

 სვანურად ინსპირირებულმა გარდაბნის გუნდმა მეტოქის შეტევა ტაქტიკური ჯარიმით შეაჩერა და მათე ნებიერიძემ ერთი საჯარიმო ჩააგდო – 71:65. მუხბეს მატჩის გადასარჩენად (ოვერტაიმში გადასაყვანად) 3-ქულიანი უნდოდა, რისი სროლაც ერთ შეტევაში ორჯერ მოასწრო, თუმცა ვერც ერთი ვერ ჩააგდო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

მატჩის შემდეგ ზაზას აკადემიელები ოქროს, ხოლო გარდაბნელები ვერცხლის მედლებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია-ოფიცერმა, ირაკლი პერტაიამ დააჯილდოვა, რომელმაც ზაზას აკადემიის კაპიტან გიორგი ბერაძეს საჩემპიონო თასი გადასცა.

საქართველოს 16-წლამდელთა C ლიგის მე-3 ადგილი დაიკავა საკალათბურთო კლუბმა თბილისი-ბასკეტმა, რომელმაც წინა დიღმის არენაზე გამართულ მატჩში ბრუკლინის აკადემიის მე-3 გუნდი დაამარცხა. თბილისი ბასკეტის წევრები მედლებითა და სიგელებით სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ დააჯილდოვა.