საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ბელარუსიდან გამარჯვებით ბრუნდება

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ბელარუსიდან გამარჯვებით ბრუნდება

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსში მასპინძელთა ნაკრები დაამარცხა. გუშინ განცდილი მარცხის შემდეგ გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს 5 ქულის სხვაობით – 71:66 გაიმარჯვა. ამით 16–წლამდელთა ნაკრების მოსამზადებელი შეკრება დასრულდა. დღეს ქართველები სამშობლოში გამობრუნდებიან.
 
საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედის გარდა შესანიშნავად ითამაშა. რაც მთავარია, კაზანჯიანის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ბოლო მომენტში შეძლეს ხასიათის გამოვლენა და გადამწყვეტ ეპიზოდში გამარჯვებას მიაღწიეს.
 
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. 16-წლამდელები. ბელარუსი. 28 ივნისი
 ბელარუსი 66:71 საქართველო
 14:21, 17:21, 21:8, 14:21
 საქართველო: მაჭავარიანი 14, ზაქრაძე 11, მასხულია 10, გოგალაძე 9, ისიანი 7, გუგეშაშვილი 7, ბობილევი 6, რევაზაშვილი 3, პეტრიაშვილი 2, ტაბაღუა 2, მაჩარაშვილი, ხალათიანი
 
 

 
ქართველთაგან ბომბარდირი 14 ქულით სოსო მაჭავარიანი გახდა,ლუკა ზაქრაძემ კი 11, ხოლო ლევან მასხულიამ 10 ქულა მიითვალეს. მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი, რომელსაც მატჩის შემდეგ ბელარუსში შევეხმიანეთ, 16–წლამდელების თამაშით კმაყოფილი იყო.
 
– ბელარუსის ნაკრებს სიმაღლეში საკმაო უპირატესობა ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ის კოზირები, რაც სხვა სათამაშო კომპონენტებში გაქვს და ეს მოვახერხეთ კიდეც. ჩვენი გუნდი უფრო მობილური და სწრაფია, რაც ბოლომდე გამოვიყენეთ. პლუს ამას, ნაკლები შეცდომები დავუშვით და გამარჯვება დავიმსახურეთ.
 
– 6–ქულიანი უპირატესობა ბევრი არა არის. დაძაბული ბრძოლა იყო?
 
– ბოლო წუთები ქულა–ქულაში წარიმართა. მეტოქე ბოლოსწინა წუთზე ქულითაც მოგვიახლოვდა, მაგრამ ბიჭებმა თავს უფლება არ მისცეს, რომ წინა დღეს დაშვებული შეცდომები გაემეორებინათ.  მესამე მეოთხედი 13 ქულით წავაგეთ, რის შემდეგაც მეტოქემ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ასეთი ჩავარდნის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი ბოლო პერიოდი ჩაატარა.
 
– შემადგენლობაზე და სელექციის პროცესზე რას იტყვით?
 
– თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველა კალათბურთელს მივეცი. მთლიანობაში მათი უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ოპტიმალური შემადგენლობის ძიება თბილისში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდება.
 
– როდის ბრუნდებით და რა გეგმები გაქვთ?
 
– თბილისში ხვალ, გამთენიისას ჩამოვალთ და ვარჯიშს ჩვეულ რიტმში გავაგრძელებთ. 1 ივლისს კი სლოვაკეთში გავემგზავრებით, სადაც 3 საკონტროლო მატჩს გავმართავთ. შემდეგ ისევ თბილისში ჩამოვალთ და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო სტადიას გავივლით.