საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიასთან დამარცხდა

წარუმატებლად გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისთვის. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილმა ნაკრებმა ტურნირის მეორე მატჩი ირლანდიასთან გამართა და 30 ქულის სხვაობით დათმო. ჰოლანდიასთან 7 ქულით წაგებული მატჩის შემდეგ ეს გახლდათ ჩვენი ნაკრების მეორე წარუმატებელი შეხვედრა, რის შემდეგაც ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე შეგვიმცირდა.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ბოლო პერიოდი ჩააგდო და ამის გამო წააგო დიდი სხვაობით. მანამდე კი, მესამე პერიოდში 18-ქულიანი ჩამორჩენა 7-ამდე შეამცირა და იმედი იყო, რომ შეხვედრის მოსაგებადაც გაიწევდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული ირლანდიელებმა ზემძლავრად ჩაატარეს და მისი 30:9 მოგებით დიდსხვაობიანი გამარჯვება გაიფორმეს – 88:58.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით საუკეთესო იყო გიორგი მახნიაშვილი. 12 ქულა როლანდ დევიძემ, ხოლო 11 – ლუკა ვალიამა მოაგროვეს. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე კვიპროსი იქნება, რომელსაც ჩვენს დარად 2-დან 2 წაგება აქვს. მატჩი თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ირლანდია – საქართველო 
სტატისტიკა: 88:58