საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ რუმინეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ რუმინეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელ რუმინეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 62:66 (სტატისტიკა) წააგო და 2 შეხვედრიდან თითო მოგება-მარცხით ჯგუფში მე-3 ადგილზეა. 5-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გადის და დარჩენილ მატჩებში წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ასანაცვლებლად ბრძოლის გაგრძელება შეუძლია.

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დასანანი მარცხი განიცადა. მასპინძელი რუმინეთი თავიდან გვარიანად ჩამორჩებოდა, თუმცა მეორე პერიოდიდან თამაში გამოაკეთა, ქართველებმა კი შეცდომებს უხშირეს და თამაში გათანაბრდა.

რუმინელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მცირედით, მაგრამ ბოლო პერიოდამდე ლიდერობდნენ. ბოლო წუთებზე ქულა-ქულაში ბრძოლა გაჩაღდა და მასპინძლებს საკუთარი ქომაგების მხარდაჭერის გარდა ფორტუნამაც გაუმართლა. რუმინელებმა გადამწყვეტ მომენტში სამქულიანი ჩააგდეს, რაც ქართველებმა ვერ მოახერხეს და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
საქართველოს ნაკრებში 14-14 ქულით ილია სულაძე და ავთანდილ ბახტაძე გამოირჩნენ. 13 ქულა და 12 მოხსნა გიორგი ნიკოლაევმა დააგროვა, მათე ხატიაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 7 აგვისტოს დაისვენებს და მორიგ მატჩს 8-ში, ავსტრიასთან გამართავს.