საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი ლიტვასთან მატჩით დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი ლიტვასთან მატჩით დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი ბოლო მატჩში მანამდე ორივე მოგების მქონე ლიტვას შეხვდა და 61:92 დამარცხდა.
 
მინსკში გამგზავრების წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია კაზანჯიანმა, რომელიც გუნდს ბელარუსში ვერ გაჰყვა, განაცხადა, რომ აღნიშნული ტურნირი მოსამზადებელია და ნაჩვენებ შედეგს ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭებოდა. მთავარი ყურადღება გუნდის შეკვრას, შეთამაშებას, ნაკრების კანდიდატების შესაძლებლობებში გარკვევას დაეთმობოდა. ამ მხრივ კი მინსკის ტურნირი ნაყოფიერი გახლდათ. ნაკრებმა 3 ძლიერ მეტოქესთან გამართა სპარინგი, რომლებთან დაპირისპირებაშიც ღირებული გამოცდილება შეიძინა.

საქართველო – უკრაინა. უტევს გიგი გოგობერიშვილი
 
რაც შეეხება ლიტვასთან დაპირისპირებას, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს პირველ მეოთხედში წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ბალტიისპირელებმა საწყისი ათწუთეული 31:11 მოიგეს, რის შემდეგაც ქართველებმა თამაში გამოაკეთეს და მცირედით, მაგრამ ჩამორჩენა მაინც შეამცირეს. გადამწყვეტი პერიოდის წინ ლიტვა 18 ქულით ლიდერობდა და დარჩენილ დროშიც სრულ უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ ბალტიისპირელებმა 92:81 იმარჯვეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. მეორე ადგილის მფლობელი უკრაინისა და ბელარუსის მატჩში გაირკვევა, რომელიც დღეს, მოგვიანებით გაიმართება.
 
ლიტვასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს 19 ქულითა და 9 მოხსნით ვილი ისიანმა ულიდერა, 17 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ლევან გოგალაძემ, გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს დაბრუნდება.
საერთაშორისო ტურნირი. მინსკი. 9 დეკემბერი
ლიტვა 92:61 საქართველო