საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებს ნახევარფინალამდე 2 ბურთის ჩაგდება დააკლდა

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 12 აგვისტო
ჰოლანდია 85:72 საქართველო
23-22, 25-23, 15-10, 22-17
 
საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ჰოლანდიასთან 13 ქულით დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა. არადა, 8 ქულაზე მეტით რომ არ წაეგოთ, ქართველები ჯგუფიდან გადიოდნენ.
 
ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა. ჯგუფის ლიდერი საქართველო ჰოლანდიასთან დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩში სლოვენიამ უნგრეთს სძლია. შესაბამისად, სამ გუნდს – საქართველოს, სლოვენიას და ჰოლანდიას თანაბარი ქულები დაუგროვდათ (3 მოგება, 1 წაგება). დებულების თანახმად, ასეთ ვითარებაში გადამწყვეტად ერთმანეთში ნათამაშევ მატჩებში ჩაგდებული ბურთები ითვლება და ამ მაჩვენებელში საქართველოს ყველაზე უარესი შედეგი აღმოაჩნდა.
 
ქართველებმა ჩინებულად ესროლეს სამქულიანები (31–დან 14), მაგრამ ორქულიანებში მოიკოჭლეს (35–დან 9) და ძირითადად ამის გამო წააგეს. ლევან ლოლიშვილმა 10 ცდიდან 7 სამიანი ჩააგდო და საბოლოოდ 27 ქულა მოაგრივა, მაგრამ ამან ჩვენიანებს ვერ უშველა.
 
საქართველოს ნაკრები ახლა V-VIII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე მეორე ჯგუფში ბოლო ადგილის დამკავებელი შვეიცარია იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველები მეხუთე ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთსა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
 
საბოლოო ცხრილი1.         სლოვენია                 3          2/1       213/181          5
2.         ჰოლანდია                3          2/1       209/195          5
3.         საქართველო            3          2/1       225/210          5
4.         უნგრეთი                  3          0/3       149/210          3
 
მომდევნო მატჩი:
14 აგვისტო
საქართველო – შვეიცარია