საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ელიტაში დასარჩენად ცირეკიძის გარეშე იბრძოლებს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ელიტაში დასარჩენად ცირეკიძის გარეშე იბრძოლებს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთო. პირველ ჯგუფურ ეტაპზე დავით უსტიაშვილის გუნდმა ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა, ბოლო ადგილი დუკავა და ტურნირზე 13-20 ადგილებისთვის ბროლა მოუწევს.
სისტემა შემდეგნაირი გახლდათ: ჯგუფებში I, II და III ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ჯგუფებში ჩარჩენილი – მთლიანობაში 8 გუნდი კი A დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებს.
საქართველოსთან ერთად საკვალიფიკაციო – H ჯგუფში ბულგარეთი, ესტონეთი და შვედეთი მოხვდნენ. შესაბამისად, 15, 16 და 17 ივლისს საქართველო ამ გუნდებთან თითო მატჩს გამართავს. თუკი უსტიაშვილის გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდში მოხვდა, ელიტარულ დივიზიონში დარჩენა გარანტირებული ექნება და პარალელურ, საკვალიფიკაციო G ჯგუფის წარმომადგენლებთან 13-16 ადგილებს გაინაწილებს. ხოლო თუ ჯგუფში მე-3, ან მე-4 ადგილი დაიკავა,  G ჯგუფის III-IV ადგილოსნებთან 17-20 ადგილებს გაითამაშებს. ამ 4 უიღბლო გუნდიდან მხოლოდ საუკეთესო, ანუ მე-17 ადგილზე გასული გუნდი დარჩება A დივიზიონში, ხოლო უკანასკნელი 3 B დივიზიონში გავარდება.
ასეთ კრიტიკულ დროს საქართველოს ნაკრებმა უდიდესი დანაკლისი განიცადა. ტვინის შერყევის გამო დარჩენილ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, საბერძნეთთან მატჩში 21 ქულის მიმთვლელი გიორგი ცირეკიძე.

”სამწუხაროდ, კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს და ამას დამატებული, ერთ კალათბურთელს ნატკენი ფეხით მოუწევს თამაში – გვითხრა ნაკრების მენეჯერმა გია სანაძემ, ტალინში რომ შევეხმიანეთ – გიორგი ცირეკიძემ  საბერძნეთთან მატჩში ტრავმა მიიღო. იატაკს თავი დაარტყა, თუმცა თავიდან სერიოზული არაფერი ჩანდა, მაგრამ მომდევნო მატჩში, სერბეთთან შეუძლო გახდა და პირველი მეოთხედის შემდეგ მოედნიდან გამოვიყვანეთ. გუშინ ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს და ტვინის შერყევა აღმოაჩნდა. ცირეკიძე დარჩენილ მატჩებში ვერ დაგვეხმარება. ქუსლი აქვს დაზიანებული კიდევ ერთ ტანმაღალ კალათბურთელ ლერი კვანტალიანს, რომელიც მოედანზე კი გავა, მაგრამ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვერ იქნება”.
ევროპის ჩემპიონატზე დღეს დასვენებაა, ხვალ კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ესტონეთს ეთამაშება.
 
თამაშების განრიგი G ჯგუფი თბილისის დრო
საქართველო – ესტონეთი     14:30
ბულგარეთი – საქართველო  12:15
საქართველო – შვედეთი       12:15