საქართველოს U20 ნაკრები მეოთხედფინალში პორტუგალიასთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს U20 ნაკრები მეოთხედფინალში პორტუგალიასთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასასვლელ რბოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. ჯგუფურ ეტაპზე 5-დან 4 მოგებისა და პლეი ოფში გასვლის შემდეგ მილოშ გლიგორიევიჩის, ჯაბა ბაქრაძისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური მატჩი მასპინძელ პორტუგალიასთან დათმო. ბრძოლა იყო თანაბარი და ქართველები ხშირ შემთხვევაში ლიდერობდნენ. შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა საფინალო სირენამდე 49 წამით ადრე პორტუგალიელთა უკანახაზელმა, პრანცისკო ამარანტემ სამქულიანი ჩაგიგდო და მასპინძლები 92:85 დააწინაურა. 

საქართველოს ნაკრებმა ტოლი არაფერში დაუდო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს, რომელსაც მატოშინუშის დარბაზში შეკრებილი საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მხურვალედ ქომაგობდა. ქართველები თავიდანვე დაწინაურდნენ და პირველი პერიოდის მსვლელობისას 5-7 ქულას კარგა ხანს იგებდნენ. ჩვენს ბიჭებს კარგად გამოსდიოდათ პორტუგალიელთა ყველაზე საშიში მოთამაშისგან – 210-სანტიმეტრიანი ნემიას კუეტასგან თავდაცვა. ამან დიდხანს არ გასტანა და პრველი პერიოდის ბოლოს პორტუგალიელებმა სამწამიანში ფეხი გაიდგეს, ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს.

პირველი პერიოდი ქართველებმა მაინც მოიგეს – ნიკა მეცხვარიშვილმა სირენის თანხლებით ჩააგდო და 21:19. მეორე ათწუთეულში თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ, ხანაც – მეორე. ფერადკანიანი კუეტა უფრო და უფრო ხშირად სტუმრობდა ქართველების ფარქვეშეთს და ძირითადად შედეგიანად აგვირგვინებდა მასზე დაკიდებულ, თუ საკუთარი ილაჯით ჩვენს სამწამიანში შემოტანილ ბურთს. პორტუგალიელებმა მეორე პერიოდი 26:22 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით თავად დაწინაურდნენ – 45:43.

მესამე პერიოდში ქართველებმა თამაში ყოჩაღად განაგრძეს და ლიდერობაც დაიბრუნეს, თუმცა დასკვნით 5 წუთში მასპინძლებმა გაქცევა მოაწყვეს, რაც ძირითადად ზუსტი სამქულიანებით იყო განპირობებული და 9-ქულიან ლიდერობას დაეპატრონნენ – 70:61 ბოლო მეოთხედის წინ. ამ მომენტიდან დაიწყო ქართველების პორტუგალიელებზე დევნის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გამძაფრდა, როცა სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. პორტუგალიელები მალევე გამოფხიზლდნენ და ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაიბრუნეს, მაგრამ… ბოლო წუთზე რატი ანდრონიკაშვილმა 2-დან 1 ზუსტი საჯარიმოთი ჩამორჩენა 4 ქულამდე შეკვეცა – 85:89, მაგრამ სწორედ აქ ჩააგდო ამარანტემ თავისი 6 სამქულიანიდან ბოლო, რომელმაც მასპინძელბს 7-ქულიანი ლიდერობა და ნახევარფინალის საგზური მოუტანა. საბოლოოდ პორტუგალიელებმა 96:85 მოიგეს და საქართველო B დივიზიონში დატოვეს.

გამარჯვებულებს 26 ქულით, 14 მოხსნით და 6 პასით ნემიას კუეტამ ულიდერა. 21 ქულა მიითვალა რაფაელ ლისბუამ. ფრანცისკო ამარანტეს ანგარიშზე 6 სამიანი და ჯამში 20 ქულა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებში 21 ქულითა და 11 პასით საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი. 14 ქულით გამოირჩა ზურაბ ჟღენტი, ნიკა მეცხვარიშვილმა 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 

პორტუგალია ნახვარფინალში რუსეთს შეხვდება, საქართველოს ნაკრები კი კიდევ 2 მატჩს გამართავს და მეოთხედფინალში დამარცხებულ გუნდებთან V-VIII ადგილებს გაინაწილებს. ჩვენი მომდევნო მეტოქე რუსეთისგან შერცხვენილი (66:105) ბულგარეთია, რომელსაც მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 20 ივლისს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაუპირისპირდება. V-VIII ადგილების მეორე საკვალიფიკაციო წყვილში მეოთხედფინალში ჩეხეთთან 67:77  წაგებული ისლანდია და ბელგიასთან 70:75 დამარცხებული ჰოლანდია შეხვდებიან. 

პორტუგალია – საქართველო
სტატისტიკა: 96:85

პორტუგალია – საქართველო. სრული ვიდეოჩანაწერი