საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობა შვედეთთან მარცხით დაასრულა

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობა შვედეთთან მარცხით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. დავით უსტიაშვილის გუნდმა ბოლო შეხვედრა შვედეთთან გამართა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედში სოლიდურად იგებდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა. სკანდინავიელებმა ქართველები 81:67 დაამარცხეს.
პირველი მეოთხედის ფრედ (21:21) დასრულების შემდეგ მეორე ათწუთეულში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. გუნდებმა მონაცვლეობით მოაწყვეს 11–ქულიანი სპურტი. ჯერ იყო და 23:26 ჩამორჩენის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სამწუთიანი მონაკვეთი 11:0 მოიგო და 34:26 დაწინაურდა, შემდეგ კი შვედეთმა მოიგო 11:0 და ლიდერობა დაიბრუნა – 37:34. პირველი ტაიმი სკანდინავიელთა მინიმალური სხვაობით, 43:42 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ შვედები სულ სხვაგვარად შემართულნი გამოვიდნენ მოედანზე. მინიმალური უპირატესობა სკანდინავიელებმა 5 წუთში 13–ქულიან ლიდერობად აქციეს და ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები სათოფეზე აღარ გაიკარეს. უსტიაშვილის შეგირდები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვეღარაფერი გააწყვეს.

შვედებისგან ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10–ქულიან თამასას, ჩვენგან კი დუდა სანაძეს 27 ქულა ჰქონდა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილს – 10. ბექა ბურჯანაძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა, მის ანგარიშზე 10 მოხსნა და 9 ქულა იყო.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 8 წაგებითა და 1 მოგებით დაასრულა და ტურნირზე მე–16 ადგილი დაიკავა. მომავალ სეზონში უსტიაშვილის გუნდი კვლავ A  დივიზიონში იასპარეზებს. წლეულს ელიტიდან არავინ გავარდნილა – A დივიზიონში B დივიზიონის 4 საუკეთესო გუნდი გადმოვიდა და მომავალ წელს 20–გუნდიანი ევროჩემპიონატი ჩატარდება.
 
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 22 ივლისი
შვედეთი 81:67 საქართველო
21:21, 22:21, 27:11, 11:14
სრული სტატისტიკა:
http://u20men.fibaeurope.com/en/cid_FW2Ym8GSJEAe2vpbWdQMR0.gameID_8755-G-12-6.compID_UIfgjyQcGqk-fPlnl66Tj0.season_2012.roundID_8745.teamID_.html