საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ მე-14 ადგილი დაიკავა. საუკეთესო სამეულში მოხვდა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა ტურნირზე ჩვენს ჯგუფში მყოფმა უკრაინამ, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში კიდევ ერთი თანაჯგუფელი შვედეთი დაამარცხა. ფინალში კი ჩეხეთმა ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა. შესაბამისად, 2024 წელს A დივიზიონში ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩი ლატვიასთან გამართა. წინა დღეს ჩვენმა გუნდმა ირლანდიას 92:67 (სტატისტიკა) სძლია და მე-13 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლატვიასთან მატჩი ბალტიისპირელთა 6-ქულიანი გამარჯვებით – 99:93 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა ჩვენი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 26-ქულიან დეფიციტში იყო და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჩანდა. საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა და მეტოქეს ბოლო ათწუთეულში 20-ქულით აჯობა, თუმცა საბოლოო წარმატებას ეს მონდომება არ ეყო.

ჩვენს გუნდში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბაქარი ბერეკაშვილი. 15-15 ქულა სერგი ნინუამ და გიორგი სულაბერიძემ მოიპოვეს.

ბოლო თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია ლუკა ლიკლიკაძეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ილიას ზუროსის გუნდს 21 ივლისიდან იტალიაში, შეკრებაზე მიჰყვება. მას 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტრავმა მოუვიდა, რომელიც, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 20-წლამდელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, 9-16 ადგილებისთვის მატჩებში ლიკლიკაძეს თავის პრევენციის მიზნით არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრები თბილისში 17 ივლისს, საღამოს დაბრუნდება.