საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში უკრაინა დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში უკრაინა დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე, ”მენეგინ დე სილვესტრო დომეჯეზე” პირველი მატჩი გამართა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. დავით უსტიაშვილის გუნდმა საკმაოდ ძლიერი, „ა“ დივიზიონის წევრი უკრაინა დაამარცხა და ეს მთავარი ლიდერის – ბექა ბურჯანაძის გარეშე მოახერხა.
ქართველებმა სამიოდე დღის წინ დასრულებული სანტ ანჯელოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის ბექა ბურჯანაძის გარეშე ითამაშეს, რომელმაც ვარჯიშისას ნეკა თითი დაიზიანა.
– როგორც ექიმებმა მითხრეს, მარცხენა ხელის ნეკის ძვალია გაბზარული. დამაიმედეს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე (9 ივლისს იწყება) ტრავმა მოშუშდება და ესტონეთში თამაშს შევძლებ, მაგრამ ვარჯიში ხომ მინდა, ევროპისთვის ფორმაში რომ ვიყო?! – გვითხრა ბექამ, იტალიაში რომ შევეხმიანეთ.
ქართველთა მეტოქე უკრაინელები იყვნენ. ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია ლურჯ-ყვითლებს და პირველი მეოთხედი 22:14 მოიგო. მას მერე დავით უსტიაშვილის შეგირდებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ, და საბოლოო ანგარიშშიც 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
ქართველებს გამარჯვებისკენ ოთარ ფხაკაძე გაუძღვა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 7-დან 3 სამქულიანია. პერიმეტრიდან ტყორცნებში ქართველებმა უკრაინელებს ორით აჯობეს – 7 სამიანი გამოიყენეს. მოხსნებში კი მეტოქეს რვით ჩამორჩნენ – 43:51.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირის მეორე მატჩს მასპინძელ იტალიელებთან გამართავენ, რომელთანაც 5 დღის წინ, სანტ ანჯელოში 23 ქულით დამარცხდნენ.
 
საქართველო 63:55 უკრაინა    
22:14, 12:12, 14:15, 15:14
საქართველო: ორმოცაძე, ო. ფხაკაძე (24), გრძელიძე (7), მიქელაძე (9), კვანტალიანი, ცირეკიძე (6), როგავა (11), გელაზონია (4), ჯინჭარაძე (2).
უკრაინა: არტამონოვი (10), ლუტსენკო, სმირნოვი, ზაგრება (1), კორენიუკი (9) ზუიკოვი (2), კობეტსი (5), შუნდელი (10), ფურსი (14), ჟუკოვსკი (4)