საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიური ტურნირი ბულგარეთთან მარცხით დაასრულა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიური ტურნირი ბულგარეთთან მარცხით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა იტალიის კურორტ დომეჯი დიკადორში გამართული საერთაშორისო ტურნირი „მენეგინ დი სილვესტრი“ მე-4 ადგილზე დაასრულა. ტურნირის ბოლო მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდმა იმ ბულგარეთთან წააგო, რომელსაც მანამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა.
საქართველოს ნაკრებში ისევ ვერ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც ხელზე ნეკა თითის ძვალი აქვს გაბზარული. თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის და ის ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება. ბულგარელებთან არ უთამაშია არც ნიკა რამიშვილს.

ბექა ბურჯანაძეს მე-4 ადგილზე გასული გუნდისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს
რაც შეეხება ბულგარელებთან მატჩს, ქართველებმა უიმედოდ წააგეს. პირველი მეოთხედი 14:29 დათმეს, რის შემდეგაც ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ ვითარება ვეღარ გამოასწორეს. საბოლოოდ უსტიაშვილის გუნდმა 54:85 წააგო და ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა.
ბულგარელებმა ქართველებს პირადი მოგების ხარჯზე გადაასწრეს. პირველ ადგილზე კი იტალია გავიდა, რომელმაც ბოლო მატჩში უკრაინა გაჭირვებით – 76:71 დაამარცხა.  ეს ის უკრაინაა, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ 63:55 რომ დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. უსტიაშვილის გუნდი ესტონეთში, ევროპირველობაზე 7 ივლისს გაემგზავრება.
 
საერთაშორისო ტურნირი “მენეგინ დი სილვესტრი”. დომეჯი დიკადორი. იტალია. 30 ივნისი
ბულგარეთი – საქართველო     85:54
29:14, 9:12, 27:12, 20:16
საქართველო: ორმოცაძე (3), ო. ფხაკაძე (4), გრძელიძე (2), ჯინჭარაძე (5), კვანტალიანი, ცირეკიძე (2), როგავა (14),  გელაზონია (12), თ. ფხაკაძე (2), მიქელაძე (10)