საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ლატვიასთან მარცხით დაასრულა

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ლატვიასთან მარცხით დაასრულა

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი დაასრულა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ტურნირის ჯგუფის პირველი შეხვედრა ქართველებმა მონტენეგროსთან, ბრძოლაში (16:20) დათმეს, რის შემდეგაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, გასული ევროპის თასის ვერცხლისმედალოსან ლატვიას დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება (21:7) მოიპოვეს და საქართველოსთვის ტურნირი დასრულდა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ტურნირის სამგუნდიან ჯგუფში გახლდათ და ორივე მატჩის წაგების შემდეგ ბოლო ადგილი დაიკავა. ჯგუფში დარჩენილია 1 მატჩი – ლატვიისა და მონტენეგროს დაპირისპირების გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილზე გავა და მოიპოვებს მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლებას. 

შეგახსენებთ, რომ ლატვიურ შესარჩევ ტურნირში 11 გუნდია თავმოყრილი, რომლებიც 2 საგზურისთვის იბრძვიან. 3 ჯგუფში განაწილებული გუნდებიდან მეორე ეტაპზე თითო გამარჯვებული გავა, რის შემდეგაც ის 2 საუკეთესო გამოვლინდება, რომლებიც 2-5 სექტემბერს, უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გასამართ ევროპის თასზე იასპარეზებენ.

რიგაში მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების სახელს მიხეილ ბერიშვილი, ზურა მაჩალაძე, გიორგი კორსანტია და რეზო ჩაჩანიძე იცავდნენ.