საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U18 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U18 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს

3×3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქართულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის ესაა ზედიზედ მე-4 მსოფლიო პირველობა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მუნდიალზე 2015, 2016 და 2017 წლებში იასპარეზა, ხოლო 2018 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ამ წელს მსოფლიოს პირველობა ჩაანაცვლა. 

მსოფლიოს პირველობას მიმდინარე წლის 3-7 ივნისს მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი უმასპინძლებს, სადაც ვაჟთა და გოგონათა 20-20 საუკეთესო ნაკრები მოიყრის თავს. ვაჟთა ჩემპიონატში მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა აშშ-ს, ლატვიის, ბელარუსის და მასპინძელ მონღოლეთის ნაკრებებთან. ამერიკის ნაკრების სიძლერეზე საუბარი ზედმეტია, ხოლო მონღოლეთის ნაკრები 2017 წლის აზიის თასის გამარჯვებულია. 

ისევე როგორც წინა წლებში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მონაწილეები რეიტინგით შეირჩა. 3×3 კალათბურთში მსოფლიო რეიტინგსიაში საქართველოს ფედერაცია ამჯერადაც 20-ეულშია და ჩვენს ნაკრებსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრში ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეოთხედ მიეცა. 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლა გახლავთ. ჩვენმა გუნდმა 2016 წელს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ასპარეზობისას მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდს შორის მოახერხა მოხვედრა. 

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარე წლის 3-7 ივნისს მონღოლეთში გაიმართება, ხოლო სექტემბერში ევროპის პირველობას საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.