3×3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 12 ქვეყნის გუნდი იასპარეზებს, მიმდინარე წლის სექტემბერში, დანიაში გაიმართება. 12 ადგილიდან 5 დაკავებულია, ხოლო დარჩენილი 7 ადგილისთვის 3 საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. სწორედ ამ 3 ტურნირში არიან განაწილებულნი ფინალურ ეტაპზე გასასვლელად მებრძოლი გუნდები და მათ შორის, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებებიც.
ჩვენი ქვეყნის ნაკრებებს კენჭისყრამ სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გასამართი საკვალიფიკაციო არგუნა, რომლის კაცთა ტურნირში მონაწილე 12 გუნდი 3 საგზურისთვის იბრძოლებს. აქვე თქვათ, რომ იგივე პერიოდში (7-8 ივნისი) გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირები რუმინეთსა და კოსოვოში. პირველშიც 3 საგზური გათამაშდება, ხოლო მეორეში, სადაც უმდაბლესი რეიტინგის ნაკრებები (კოსოვო, ირლანდია, მალტა, კვიპროსი, აზერბაიჯანი) ასპარეზობენ, დანიაში წამსვლელი მხოლოდ 1 საგზური გათამაშდება.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ის 5 ნაკრები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ადგილი დაბევებული აქვს, არიან: დანია (მასპინძელი), ავსტრია (შარშანდელი ჩემპიონი) და მიმდინარე რეიტინგის ლიდერები – სერბეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები.
მივადექით საკვალიფიკაციოს, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. ჩვენი ორივე ნაკრები – ვაჟებიც და ქალებიც კოშიცეში იასპარეზებენ. ვაჟთა ნაკრები სლოვაკეთში დანაკლისით გაემგზავრა: გუშინ, Tbilisi Challange-ზე ტრავმა მიიღო ნიკა ჩეჩელაშვილმა, რომლის ჩანაცვლება უდროობის გამო ვერ მოხერხდა. გუნდი კოშიცეში 3 კალათბურთელით გაემგზავრა – ლევან გოგიჩაიშვილი, ლუკა ზაქრაძე და ანზორ ნადირაძე. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში ისრაელი და სლოვენია იქნებიან. პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და საბოლოოდ ევროპირველობის საგზურებს 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
ქალთა ნაკრების ოთხეული ასე გამოიყურება: ეკა წივწივაძე, კესანე ბარბაქაძე, ქეთი დანელაშვილი და თამარ პაპუაშვილი. ქალთა ტურნირის ფორმატი განსხვავებულია.მონაწილე 10 ნაკრები 2 ჯგუფადაა გაყოფილი – საქართველო, პორტუგალია, სლოვაკეთი, ავსტრია და ჩეხეთი. ჯგუფების 2 გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურებს მოიპოვებს, ხოლო ჯგუფებში მეორეზე გასული გუნდები მესამე ადგილისთვის (საგზურისთვის) ითამაშებენ.
ქალთა ნაკრების კალენდარი (თბილისის დროები)
7 ივნისი
ავსტრია – საქართველო 12:30, სლოვაკეთი – საქართველო 15:40, საქართველო – პორტუგალია 18:35
8 ივნისი
საქართველო – ჩეხეთი 16:25
ვაჟთა ნაკრების კალენდარი
7 ივნისი
ისრაელი – საქართველო 16:45, სლოვენია – საქართველო 21:00
ტურნირის ყველა თამაში ფიბა-ს Youtube-არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა