საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი არ დაინდო

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. სკოპიე. 18 ივლისი
საქართველო 88:53 ლუქსემბურგი
 
გუშინდელი მატჩის გათვალისწინებით, რომელშიც ლუქსემბურგის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ ტურში საქართველოს მძლეველი პორტუგალია გაანადგურა, ქართველების დღევანდელ მოგებას მართლაც განსაკუთრებული გემო და მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრებმა ძალიან იოლად, 35 ქულის სხვაობით დაამარცხა ლუქსემბურგი და პორტუგალიასთან მარცხით დაცემული ჯგუფიდან გასვლის ჩვენი შანსები გაზარდა.
დავით უსტიაშვილის გუნდმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და რაც დრო გადიოდა, ლიდერობას უფრო იმყარებდა. ქართველებს ყველა რგოლში გამოსდიოდათ ჩანაფიქრი. თავდაპირველად უკანახაზელმა კოკა ტომარაძემ გამოიდო თავი და შორიდან სროლებითა თუ გარღვევებით ჩვენს ნაკრებს ახეირა. პირველი მეოთხედი საქართველომ 25:14 მოიგო, რის შემგედაც ჩვენი მეფარეების ჯერი დადგა. რიჩარდ მათიაშვილი, ნიკა მეტრეველი, თორნიკე და ლევან შენგელიები – ამ ბიჭების შემჩერებლები ლუქსემბურგელთაგან ვერავინ გამოდგა.
პირველი ტაიმის ბოლოს მეტოქე 8 ქულით მოგვიახლკოვდა, თუმც ისევ ტომარაძემ იყოჩაღა, რომელმაც მიჯრით მიითვალა 5 ქულა და ქართველები დიდი შესვენებისთვის 49:36 დააწინაურა.
მეორე ტაიმი და ლუქსემბურგელების რბევა ერთდროულად დაიწყო. მეტრეველი და შენგელიები ქულას ქულაზე ითვლიდნენ, მათიაშვილი კი მოხსნებზე ჩასაფრებულიყო და ქართველების უპირატესობამაც მალე 20–ქულას გადააჭარბა. ბოლო მეოთხედის წინ საქართველო დამაჯერებლად, 73:41 იგებდა და დავით უსტიაშვილმა დარჩენილ დროში ყველა შემცვლელს მისცა მოედანზე გასვლის საშუალება. მარქაფებმა თავი არ შეირცხვინეს და საბოლოოდ ქართველებმა დიდსხვაობიანი გამარჯვება მოიპოვეს.
 
18 ივლისი
პორტუგალია 92:64 სლოვაკეთი
 
 
სატურნირო ვითარება
 
პორტუგალია     3        2        1        5
შვედეთი            2        2        0        4
ლუქსემბურგი    3        1        2        4
საქართველო      2        1        1        3
სლოვაკეთი        2        0        2        2
 
 

ქართველთაგან უმეტესი – 18 ქულა ნიკა მეტრეველმა ჩააგდო