საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება ახალი მწვრთნელითა და გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 22 კანდიდატს უხმო, საიდანაც მოახლოებული მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 23 თებერვალს ქალაქ ნესტვედში დანიას დაუპირისპირდება, ხოლო 26-ში თბილისში სერბეთს უმასპინძლებს. 

ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ოლიმპიურ სოფელში მდებარე ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში ემზადება. ლეგიონერებიდან თბილისში მხოლოდ რატი ანდრონიკაშვილი და დუდა სანაძე იმყოფებიან, რომლებსაც ტრავმა ბოლომდე არ აქვთ მორჩენილი და როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ისინი დანიასთან ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებენ. 

რაც შეეხებათ თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს, მათი კლუბები თასის გათამაშებაში მონაწილეობენ და ეროვნულ გუნდში მათი წაოსვლა შედეგებზეა დამოკიდებული. თუკი მათი კლუბები მომდევნო ეტაპებზე გადავიდნენ, კლუბში თამაში მოუწევთ და ჩვენს ეროვნულ გუნდს პირდაპირ დანიაში შეუერთდებიან. არადა, თბილისში ჩამოვლენ და სკანდინავიაში ალეკსანდარ ჯიკიჩის რაზმთან ერთად გაემგზავრებიან.

ნაკრებ დანიაში შეუერთდება ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე ბექა ბურჯანაძე. “ლეიმა კორუნას” წევრი თბილისში ვერ ჩამოდის, რადგან მის გუნდს 18 თებერვალს ჩემპიონატის მატჩი ელის,

რაც შეეხება ახალ ამერიკელ ლეგიონერს, ჯო ტომასონს, მისი ჩამოსვლა შეკრების პირველივე დღიდან იგეგმებოდა, თუმცა რაც საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდა, მას შემდეგ თელ ავივის “მაკაბიში” გადავიდა და 16 თებერვალს თამაში უწევს, რის შემდეგაც, 17 თებერვალს თბილისში ჩამოვა. 

ნაკრებში გამოძახებულ 22  მოთამაშესთან ერთად თბილისში იმყოფება 4 ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებიც მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობით ეროვნულ გუნდში ვარჯიშობენ. მათე ხატიაშვილი (15 წლის), ავთო ბახტაძე (16), ლუკა ალავიძე (19) და გუგა ნაცვლიშვილი (19) საზღვარგარეთის კლუბებში თამაშობენ, რომლებიც სპეციალურად სანაკრებო ვარჯიშებისთვის, კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში ჩამოვიდნენ. 

საქართველოს ნაკრები თბილისში 19 თებერვლამდე მოემზადება, ხოლო 20-ში გეზს დანიისკენ აიღებს, სადაც დედაქალაქ კოპენჰაგენიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ ნესტვედში დაბინავდება. პროვინციული ქალაქი დანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს 23 თებერვალს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განხორციელდება.