ძალიან ვამაყობ თქვენით! არ დანებდით და კალათბურთში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია! – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ლიეტუვასთან ბოლო წამზე წაგებული მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების წევრებთან საუბარი. საქართველოს ნაკრების გასახდელში ისეთი განწყობა სუფევდა, შედეგის არმცოდნე ადამიანი ვერაფრით იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი წაგებული მატჩის შემდეგ ხდებოდა. ნაკრების წევრები ერთმანეთს ბოლომდე ბრძოლას, თავდადებას უქებდნენ. შეხვედრას, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ნაკრებთან, მისივე გულშემატკივრებით გადავსებულ დარბაზში ჩაატარა, საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე 15 ქულის ფარგლებში აგებდა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოჩენილი ბრძოლისა და სათამაშო დისციპლინის ხარჯზე ანგარიში გაათანაბრა და რომ არა ბოლო წამზე მიღებული ორქულიანი, ოვერტაიმში გადაიყვანდა.
“მეტოქემ მთელს თამაშში მხოლოდ 8 ბურთი მოხსნა ჩვენს ფარზე და აქედან 2 ბოლო წუთზე, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში – ესეც ზუროსის სიტყვებია – სასიხარულოა, რომ ამ თამაშს არ ჰქონდა სატურნირო მნიშვნელობა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ყოფილიყო გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის მოგებასაც ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო 8 გუნდში გაჰყავდა. გაგვეპარა მოხსნა, რამაც თამაში წაგვაგებინა, მაგრამ ყველაფერი წინაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 26 აგვისტოსთვის, როცა მსოფლიოზე პირველი მატჩი გველის, მანამდე კი გვმართებს მუშაობა და ვარჯიში, რათა უკეთესი დაცვა ვითამაშოთ.”
“მეორე ნახევარში შეტევაში მოძრაობა დაიწყეთ, ბურთით მოძრაობდა, დამატებითი პასები კეთდებოდა, შეტევები წამოვიწყეთ, ძლიერი შეტევები, იყო მეტი ინტენსიურობა. ბოლო პერიოდში 37 ქულა ჩავაგდეთ და 6 ბურთი მოვხსენით მეტოქის ფარზე. ეს ძალიან მაგარი შედეგია, მაგრამ მთავარი მაინც დაცვაა. აუცილებლად მჭირდება უკეთესი დაცვა. გთხოვთ, უნდა ვითამაშოთ უკეთესი ერთი-ერთზე დაცვა და მოვხსნათ ბურთები!
ბოლო პერიოდის წინ საქართველო 13 ქულით აგებდა, მაგრამ არ დანებდა. ყველა მოთამაშემ, რომელიც მოედანზე იმყოფებოდა, თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა. საქართველომ ითამაშა კლასიკურად, პროფესიონალურ დონეზე. ცივსისხლიანად, როგორც დიდ გრანდებს სჩვევიათ. მეტოქე გუნდის დარბაზში და გულშემატკივრებით სავსე დარბაზში საკუთარ თამაშს მიაგნო, დაცვისა და შეტევაში ბრძოლის ხარჯზე ჩამორჩენა გააბათილა და თამაშს ოვერტაიმში გადაიყვანდა, რომ არა ზემოთ არაერთხელ ნახსენები გაპარული მოხსნა. მასპინძელთა უკანახაზელის, იგნას ბრაზდეიკისის აცილებულს ტომას დიმშამ დაამატა და საფინალო სირენაც გაისმა – 104:102 (2:17, 26:19, 31:29, 22:37) ლიეტუვას სასარგებლოდ.
ჩვენს ნაკრებში ქულები ასე განაწილდა:
შენგელია 30, მამუკელაშვილი 19, შერმადინი 18, მაკფადენი 18, ცინცაძე 5, სანაძე 5, ჯინჭარაძე 4, ტურძილაძე 2, ანდრონიკაშვილი 1
ქულა ა ჩაუგდია, თუმცა დამაჯერებლად ითამაშა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, ლუკა ლიკლიკაძემ, რომელმაც მოედანზე 15:45 წუთი დაჰყო და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ზუროსი თავის კომენტარში (იხილეთ სტატიის ბოლოს) სწორედ მის თამაშს გულისხმობს.
საქართველოს ნაკრებს კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელიც ბოლო პერიოდში გიორგი შერმადინთან ერთად შეუჩერებელი იყო. თოკომ 30 ქულა, პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, მის წინააღმდეგ მეტოქეები 12-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 18 ქულა შეადგინა. სანდრო მამუკელაშვილმაც გამორჩეული სიზუსტე (10/8 ორიანი, 4/3 სამიანი) გამოავლინა.
საქართველოს ნაკრები კაუნასში კიდევ ერთი დღე დარჩება და 3 აგვისტოს, დილას, გეზს რიგისკენ აიღებს. ილიას ზუროსის გუნდი ლატვიის დედაქალაქში ავტობუსით გაემგზავრება.