საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას 16 მოთამაშით, 16 თებერვლიდან დაიწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას 16 მოთამაშით, 16 თებერვლიდან დაიწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ხვალიდან დაიწყებს. 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:30 საათზე ნაკრების პირველი ვარჯიში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ დასახელებული 24 კანდიდატიდან, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 16 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც შეკრებას დაიწყებენ. ესენი არიან:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძილაძე.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ის მოთამაშეები, რომლებიც 24-კაციანი გაფართოებული სიიდან ზემოთწარმოდგენილ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, რეზერვში არიან და მიმდინარე შეკრების პერიოდში შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყვნენ ვარჯიშებზე გამოძახებულნი. სარეზერვო სიაში 8 მოთამაშეა: ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, ლუკა ბულაშვილი, სანდრო სანაძე, ნიკა გაფრინდაშვილი, ნიკა დარბაიძე და აკაკი დვალიშვილი. 

საქართველოს ნაკრები 16, 17, 18 და 19 თებერვალს ვარჯიშებს სპორტის სასახლეში გამართავს, რის შედეგადაც საბოლოოდ შეირჩევა გუნდის ძირითადი, 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას, 23 თებერვალს კი ბელგრადში – სერბეთს დავუპირისპირდებით.

მოგეხსენებათ, საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად მასპინძლობს. ამ მიზეზით ოთხივე ქვეყანას ევრობასკეტის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, საქართველოც, გერმანიაც, იტალიაც და ჩეხეთიც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, რათა ევროპირველობას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

მთლიანობაში ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო E ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთთან და შვეიცარიასთან ერთად. ევრობასკეტის 24 საგზურიდან, როგორც ვთქვით, 4 დაბევებული აქვთ საქართველოს, გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს. დარჩენილი 20 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირის 28 მონაწილე იბრძოლებს. იმ 4 ჯგუფიდან, რომლებშიც მომავალი ჩემპიონატის მასპინძლები არ არიან, ევრობასკეტის საგზურს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოს, ჩეხეთის, გერმანიისა და იტალიის ჯგუფებიდან კი ევრობასკეტზე 2-2 საუკეთესო გავა.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 3 სათამაშო ფანჯარაა: მიმდინარე თებერვალში, მომავალ ნოემბერს და 2021 წლით თებერვალს. თითოეული ფანჯრის ფარგლებში საკვალიფიკაციოს ყველა მონაწილე 2-2 მატჩს გამართავს (იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი განრიგი). 

მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.

საქართველო-შვეიცარიის 20 თებერვალს გასამართ მატჩზე ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე:  tkt.ge.basketball