საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდი გამარჯვება სარაევოში

საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდი გამარჯვება სარაევოში

იგორ კოკოშკოვის გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება! 
 
საქართველოს ნაკრებმა სარაევოში ბოსნია 1 ქულის სხვაობით – 96:95 დაამარცხა და დაკარგული ქულების მხრივ ჯგუფში გალიდერდა. მერე რა, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდი 20 ქულას იგებდა და მხოლოდ მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ის უფრო დიდი გმირობაა, ამხელა სხვაობას საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე მინიმუმამდე რომ შეგიმცირებენ, თუმცა მაინც არ გატყდები და მატჩის დარჩენილ წუთებში ამ ლიდერობას კბილებიტ შეინარჩუნებ. ქართველებმა ამერიკელი ჯეიკობ პულენის დახმარებით შეხვედრა ორჯერ მოიგეს. ერთხელ, როცა მეორე მეოთხედის ბოლოსწინა წუთზე წინ 20 ქულით გაიჭრნენ და მეორედ, როცა თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბოსნიელებს ლიდერობის მოპოვებამდე 1 ჩაგდებული ბურთი აშორებდათ, მაგრამ ქართველებმა არ დაანებეს. ასე იყო თუ ისე, კოკოშკოვის შეგირდები სარაევოდან 2 ქულით მოდიან, რაც ქართული კალათბურთის უდიდესი გამარჯვებაა, ნაკრების ეს თამაში კი, ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს.
 

ზაკ რაიტი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ…
 
ჩვენც მივყვეთ, რა როგორ მოხდა ამ დრამატულ შეხვედრაში:
 
საქართველოს ნაკრებმა თამაში ბრწყინვალედ დაიწყო. სასტარტო 3 წუთის შემდეგ ქართველები 14:4 დაწინაურდნენ. ეს გუნდური თამაშის წყალობით მოხდა. დაცვასა და შეტევაში ჰარმონიულმა თამაშმა იგორ კოკოშკოვის გუნდს წარმატება მოუტანა. ცინცაძე, სანიკიძე, შენგელია, მარკოიშვილი, ფაჩულია – ხუთეულის ყველა წევრმა მიიღო ამ გაქცევაში მონაწილეობა. მოედანზე მყოფმა ხუთივე ქართველმა ჩააგდო სხვადასხვა მანძილებიდან ბურთები.
————————————————————————————————————
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. სარაევო. 21 აგვისტო
 
ბოსნია 95:96 საქართველო
9:28, 29:26, 34:23, 23:19
 
ბოსნია: მასიჩი (17), დედოვიჩი (20), რაიტი (4ქ, 15პ, 13მ), კიკანოვიჩი (6), ტელეტოვიჩი (27), პერშიჩი (8), სინანოვიჩი 13ქ, 12მ)
საქართველო: ცინცაზე (12), მარკოიშვილი (17ქ, 5ჩ), სანიკიძე (19ქ, 11მ), შენგელია (12), ფაჩულია (16ქ, 7მ); პულენი (20), მეტრეველი, შერმადინი, ბოისა
 
სრული სტატისკიკა: http://www.eurobasket2013.org/en/cid_8Xfg3jZMG1QuJnp6pnUWd3.com
—————————————————————————————————————–
 
10-ქულიანმა ჩამორჩენამ ბოსნიელების მწვრთნელ აკა პეტროვიჩს წუთშესვენება ააღებინა, თუმცა ამან ქართველები ვერ შეაჩერა. მანუჩარ მარკოიშვილმა და თორნიკე შენგელიამ სიზუსტე გამოავლინეს, ბოსნიელები კი ვერც შორიდან აგდებდნენ და დაცვაშიც ვერ უმკლავდებოდნენ ქართველებს, რის სემდეგაც საქართველოს ლიდერობა უკვე სოლიდური გახდა – 20:5, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე.
 
მეოთხედის მიწურულს მოედანზე ჯეიკობ პულენი გამოჩნდა, რომელიც 2 პერსონალურის მქონე სანიკიძე შეცვალა. პულენი შესანიშნავად ჩაერთო თამაშში. მან ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ შორეული სამიანიც მიითვალა და ქართველები 25:9 დაწინაურდნენ. ბოსნიელები მთლად დაიბნენ და ელემენტარულ ბურთებს აცილებდნენ და კარგავდნენ. პირველი მეოთხედის ბოლოს გიორგი ცინცაძემ სამიანი მიითვალა და პირველ შესვენებაზე საქართველო დამაჯერებელი ლიდერობით გავიდა – 28:9.
 
თამაში იგივე ტემპში განახლდა. ქართველები უპირატესობას არ თმობდნენ – 32:13. აქ კი ბოსნია გამოცოცხლდა – ტელეტოვიჩმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, რასაც პერშიჩმა სამიანი მოაყოლა და მასპინძლებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს – 21:32 ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე. იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო.
 

სანიკიძის შედეგიანი გარღვევა 
ჯეიკობ პულენის სამქულიანებმა დიდი დახმარება გაუწია ქართველებს. ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 2 შორი სროლა მიითვალა და საქართველო 42:28 დაწინაურდა. მალე პულენმა საჯარიმოებიც მიითვალა, კოკოშკოვის გუნდი 44:28 გაალიდერა და იმ მომენტისთვის ჯეიკობმაშორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – 12 ქულა.
 
ქართველებმა ბოსნიელთა პირველი შემოტევა მოიგერიეს, რაც კოკოშკოვის წუთშესვენებასა და მისი შეგირდების გააზრებული თამაშის შედეგი იყო. ზაზა ფაჩულიას ჩატენვის შემდეგ საქართველომ 18-ქულიან უპირატესობას მიაღწია. ბოსნიელები სამქულიან სროლებზე გადაერთვნენ, თუმცა იმდენად შედეგიანად ვერა, რომ ჩამორჩენა შეემცირებინათ. საბოლოოდ მეოთხედი იგივე სცენარით ჩამთავრდა და საქართველო დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 54:38.
 
ბოსნიელებმა მეორე ტაიმი 5:0 გახსნეს, რასაც ცინცაძე-სანიკიძის შთამბეჭდავი კომბინაცია მოჰყვა. კიკანოვიჩმა ამასობაში სამქულიანი ჩაგვიგდო და ბოსნიელები 11 ქულით მოგვიახლოვდნენ. ზაზა ფაჩულიამ მნიშვნელოვანი ორქულიანი მიითვალა, იქვე შენგელიამ იყოჩაღა და 60:47 23-ე წუთისთვის. აქ  მასიჩმა სამიანი ჩაგვიგდო და საქართველოს ლიდერობა 10 ქულამდე შემცირდა. გიორგი ცინცაძემ იყოჩაღა, რომელმაც სამიანი ჩააგდო, რასაც შენგელიას ზუსტი გარღვევა მოჰყვა და 65:50.
 

ბოსნიას ქომაგები არ აკლდნენ 
ეს სხვაობა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. ორივე გუნდი მონაცვლეობით ხან აგდებდა, ხანაც აცილებდა და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 71:54 საქართველოს სასარგებლოდ. აქ კი დედოვიჩმა სამიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირა.
 
ტელეტოვიჩის სამქულიანის შემდეგ ბოსნიელები 10 ქულამდე ამცირებენ ჩამორჩენას, რასაც ჩვენი ნაკრების რამდენიმე შეცდომა მოჰყვა და… სინანოვიჩის ზედიზედ 5 ქულის შემდეგ ბოსნია 3 ქულით მოგვიახლოვდა. მეოთხედის ბოლო წამებზე შენგელიამ შორეული ორქულიანი ჩააგდო და გადამწყვეტი პერიოდის წინ საქართველო 77:72 იგებს.
 
მეოთხე ათწუთეული მარკოიშვილის ორქულიანით გაიხსნა. ბოსნიელები შორი სროლებით აგრძელებენ ვითარების გამოსწორებას, მაგრამ სინანოვიჩი და ტელეტოვიჩი არაზუსტად უტევენ, მარკოიშვილი კი ისევ იმ წერტილიდან აგდებს შორეულ ორიანს და 81:72. პეტროვიჩი იძულებულია, წუთშესვენება აიღოს.
 
დედოვიჩის 2 საჯარიმოს შემდეგ ბოსნიელები კვლავ 3 ქულამდე ამცირებენ ჩამორჩენას. იქვე სინანოვიჩი მინიმუმამდე კვეცს სხვაობას – 82:83 საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე. ამ ეპიზოდში ზაზა ფაჩულიამ თამაში საკუთარ თავზე აიღო და ზედიზედ 4 ქულაც მიითვალა, თუმცა ბოსნიელებიც წარმატებით გვპასუხეობდნენ. ორმხრივი შეცდომების კასკადის შემდეგ მარკოიშვილი ბურთს ტენის და ანგარიშია 87:84 დასრულებამდე 4 წუთით ადრე.
 
ჯეიკობ პულენი უმნიშვნელოვანეს ორიანს აგდებს და 89:84. ტელეტოვიჩი წარმოუდგენელი სიტუაციიდან ათავსებს სამქულიანს, რასაც ფაჩულია ჩატენვით პასუხობს. დედოვჩის ორიანი და საქართველოს უპირატესობა 2 ქულამდე იკვეცება სირენამდე 1,20 წუთით ადრე. და აქ პულენმა უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო, თუმცა მასიჩმაც იგივეთი გვიპასუხა და 94:92 დასრულებამდე 1,09 წუთით ადრე.
 
ბოლო წუთი დრამატულად წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა მასირებულ ზეწოლას ღირსეულად გაუძლო. ჯერ იყო და ზაზა ფაჩულიას ზუსტი პასით ვიქტორ სანიკიძემ ქართველები კვლავ 4 ქულით დააწინაურა, თუმცა მირზა ტელეტოვიჩმა ფანტასტიკური სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 95:96. მატჩის დასრულებამდე 28 წამი რჩებოდა, როცა ქართველებმა შეტევა წამოიწყეს და ბურთი ბოლომდე გაათამაშეს, თუმცა ჩვენებს ელემენტარული შეცდომა მოუვიდათ და სროლის ნაცვლად ბურთი აუტში გაექცათ. ფსიქოლოგიურად მომგებიან სიტუაციაში მყოფ ბოსნიას შეტევისთვის 6 წამი ჰქონდა და სავარაუდო იყო, რომ გადამწყვეტ სროლას ტელეტოვიჩს მიანდობდნენ. ასეც არ მოხდა, ლამის ნახევარი საქართველო ტელეტოვიჩისკენ გადავიდა, თუმცა მასპინძლებმა ბურთი დედოვიჩს მიაწოდეს, რომელიც ფაჩულიამ საიმედოდ ამოკეტა და ბურთი დააკარგვინა.
 

ზაზა ფაჩულიამ ბოლომდე იბრძოლა
 
საფინალო სირენაც გაისმა, საქართველომ სარაევოში ერთი ქულის სხვაობით – 96:95 დაამარცხა ბოსნია და ჯგუფში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების ყველაზე უკეთესი შანსი სადღეისოდ საქართველოს აქვს. წინ კიდევ 6 მატჩია, თუმცა ყველაზე რთული შეხვედრა გადაგორებულია.
 
საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებში ქულა მხოლოდ 6-მა კალათბურთელმა მოიპოვა, რომელთაგან ყველა ასცდა 10-ქულიან ზღვარს. ბომბარდირი ჯეისონ პულენი გახდა 20 ქულით, 19 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ვიქტორ სანიკიძეს, 17 – მარკოიშვილს, 16- ფაჩულიას, ხოლო შენგელიას და ცინცაძეს 12-12.
 
D ჯგუფი
 
21 აგვისტო
ლატვია –  ჰოლანდია 85:70
 

1.

ბოსნია

3

2/1

289/269

5
2.

საქართველო

2

2/0

176/159

4
3.

ლატვია

2

1/1

169/157

3
4.

რუმინეთი

2

1/1

154/164

3
5.

ჰოლანდია

3

0/3

243/282

3
 
24 აგვისტო
საქართველო – ლატვია  19:00
რუმინეთი – ბოსნია           19:00