საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

კენ შილდსი: ცინცაძე საუკეთესო იყო
თბილისის “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრების მეორე ეტაპი გაიმართა. ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, კანადელი კენ შილდსის ხელმძღვანელობით, მასმედიის წინ პირველი ღია ვარჯიში ჩაატარა. ამ ვარჯიშზე შილდსის განკარგულებაში შემდეგი მოთამაშეები იყვნენ: მანუჩარ მარკოიშვილი (ბ.კ. კიევი), გიორგი ცინცაძე (ტარტუ როკი), ვახტანგ ნაცვლიშვილი (დიჟონი), ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში, დავით უგრეხელიძე, გიორგი მარკოიშვილი (ყველა აზოტი), ბესიკ ლეჟავა (თსუ), გიორგი შერმადინი (მაკაბი), ზვიად ბაბიაშვილი (თბილავიამშენი). რამდენიმე დღეში ნაკრებს მისი ლიდერი ზაზა ფაჩულია შეუერთდება, ხვალ კი კენ შილდსის განკარგულებაში გიორგი გამყრელიძეც იქნება.
დაცვითი სქემების დეტალურად დამუშავება, მოედნის სწრაფი პასით ჯერ 3-3-ზე, მერე კი 4-4-ზე გადაკვეთა, მაღლების პერიოდული დასვენება, თითოეული მოთამაშისთვის მისი ძლიერი და სუსტი მხარეების იდეალური დემონსტრირება – კენ შილდსის ვარჯიში სასიამოვნო სანახავი იყო.კანადელი სპეციალისტი, რომელიც ნეისმითის ჯილდოთი დააჯილდოვეს, იმედოვნებს, რომ ბულგარული შეკრების მერე ნაკრების წევრები კიდევ უფრო მოუმატებენ, მეტად მობილურები გახდებიან და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებს საუკეთესო კონდიციებში შეხვდებიან.“დღევანდელ ვარჯიშზე ყველაზე მეტად გიორგი ცინცაძე მომეწონა, რომელსაც საკმაოდ ნაყოფიერი, კარგი სეზონი ჰქონდა. იგი ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული. მოუმატა დავით უგრეხელიძემ, ხოლო გიორგი შერმადინს კი დიდ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის ყველა წინაპირობა გააჩნია. იმედი მაქვს, მოუმატებს ვატო ნაცვლიშვილი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია”, – განაცხადა კენ შილდსმა.