საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება თბილისში, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომლითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.
თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. სიაში ყველა ის კალათბურთელია, რომელიც ნაკრების ჭრილში პერსპექტიულია და შესაძლოა, ეროვნული გუნდი გააძლიეროს.
გაფართოებულ სიაში არ არის 4 კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი, თად მაკფადენი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან, თუმცა შეკრებაზე არ იქნებიან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე საბა გიგიბერია და ალექსი მერკვილაძე. თბილისში ჩამოსულმა გიგიბერიამ ტრავმა მიიღო, ხოლო მერკვილაძეს თავისი კოლეჯი არ აძლევს უფლებას, სავარჯიშოდ ეროვნულ ნაკრებში რომ გამოცხადდეს.
5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე გაიმართება, რომლებსაც ძირითადად სასელექციო სახე ექნება და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად დაესწრებიან.
საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში, 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.
საართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტვუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს.
12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.
17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.