ქართული კალათბურთის გზა – ნაკრების უცხოელი მწვრთნელები

ქართული კალათბურთის გზა – ნაკრების უცხოელი მწვრთნელები

საქართველოს ნაკრებმა დაარსებიდან დღემდე ხუთი მთავარი “ეპოქა” გამოიარა: 1994-97, 1997-2003, 2003-2007, 2008-2015, 2016-დან დღემდე.

საქართველოს ნაკრები 1994 წლის 20 მარტს დაიბადა. პირველი მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი იყო, რომელსაც ნოდარ ქორქია ეხმარებოდა. ამ პერიოდის საქართველოს ნაკრებზე ჩვენს პროექტში დეტალურად მოგითხრეთ და მწვრთნელებზეც ცალკე ვილაპარაკეთ, ისევე, როგორც მომდევნო მწვრთნელებზე – ლევან მოსეშვილსა და ზურაბ ტომარაძეზე.

2003 წლიდან საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ერა დაიწყო – გუნდში გამოჩნდნენ ამერიკელი ლეგიონერები და უცხოელი მწვრთნელები. ეს ეტაპი დღემდე გრძელდება, თუმცა უცხოელი მწვრთნელების მოღვაწეობა თავის მხრივ სამ ნაწილად უნდა გავყოთ:

2003-2007 – მწვრთნელთა ცვლილებების პერიოდი.

2008-2015 – იგორ კოკოშკოვი და სამი ევრობასკეტი.

2016-დან დღემდე – ილიას ზუროსის განახლებული ნაკრები.

ზუროსის პერიოდზე მომდევნო გამოშვებაში მოგითხრობთ, ახლა 2003-დან 2015 წლების მონაკვეთზე დავწერთ.

ბრაიკოვიჩი, ჰერბერტი, შილდსი

თუ მანამდე ნაკრებს არათუ შეკრებებზე, ოფიციალურ მატჩებზე გასამგზავრებელი ფულიც არ ჰქონდა, 21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად გამოუჩნდა სახსრები საზღვარგარეთული შეკრებებისთვის, ლეგიონერების მოსაწვევად და უცხოელი მწვრთნელებისთვის. ამხანაგურად უკვე იტალიას, რუსეთს, გერმანიას, საბერძნეთს ვეთამაშებოდით, მაგრამ ოფიციალურად ელიტისგან შორს ვიყავით – ლუქსემბურგი, ისლანდია, ირლანდია…

2004 წელს გუნდს გაუძღვა ხორვატი დრაჟენ ბრაიკოვიჩი, რომელთანაც კალათბურთის ფედერაციამ ვადაზე ადრე გაწყვიტა კონტრაქტი. ბრაიკოვიჩმა მხოლოდ ერთი წელი უხელმძღვანელა ნაკრებს, სამიდან ორი მატჩი მოიგო.

კანადელი სპეციალისტი გორდონ ჰერბერტ (2005-06) ევროპაში მაღალი დონის მწვრთნელად ითვლებოდა და ითვლება. მას “სკაილაინერსთან” ერთად გერმანიის ჩემპიონატი ახალი მოგებული ჰქონდა, საქართველოში რომ ჩამოვიდა. ჰერბერტის ძალისხმევით ეროვნულ გუნდში ტაირონ ელისი გამოჩნდა – ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი, რომელსაც ჩვენს ნაკრებში უთამაშია. თუმცა ვერც მან გვიშველა – ჯგუფში ფინეთთან ერთი წაგება ძვირად დაგვიჯდა… “ბ” დივიზიონის პლეი ოფშიც კი ვერ გავედით.

ჰერბერტის ნაცვლად 2007 წელს კენ შილდსის დანიშვნა თითქოს უკეთესი უნდა ყოფილიყო. იგი 1988-94 წლებში კანადის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დააკავებინა. თუმცა სწორედ 2007 წელს ვიწვნიეთ ყველაზე მწარე მარცხი ქართული კალათბურთის ისტორიაში – ისლანდიაში 75:76 დავთმეთ და მეორედ ჩავრჩით “ბ” დივიზიონში.

 იგორ კოკოშკოვი და სამი ევროპა

2008 წლის ივნისში კლუბ “12 მაგიდაში” მოწყობილ პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებს წარუდგინეს ახალი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც იმხანად “დეტროიტ პისტონსში” ლარი ბრაუნის სამწვრთნელოDშტაბში მუშაობდა…

NBA-ში მოღვაწეობა, ერთი შეხედვით, ბევრს ნიშნავდა, მაგრამ უფრო მეტი სკეპტიკურად იყო განწყობილი – კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებამდე უმაღლეს დონეზე მთავარ მწვრთნელად არ ემუშავა და ევროპულ კალათბურთში თავისი საქმით ბევრი არ იცნობდა.

თუმცა მისტერ იგორიც სწორედ იმიტომ დათანხმდა საქართველოს ნაკრების გაწვრთნას, რომ მისი გვარი ევროპაშიც გაჟღერებულიყო. იღბლიანი და მომავლის კარგად გათვლის ნიჭით დაჯილდოებული სპეციალისტი აღმოჩნდა – წინასწარ გათვალა, რომ მეორე ეშელონში მოყურყუტე საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი ჰქონდა და არათუ პირველ დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც შეეძლო.

საქართველოში ჩამოსვლის პირველ ეტაპზე იგორ კოკოშკოვი მის ხელთ არსებულ რესურსს ორად ყოფდა – სასტარტოებად და სათადარიგოებად. შესაბამისად ვღებულობდით NBA-სეულ სურათს, როცა თამაშის მსვლელობისას ყველა კალათბურთელს თავისი განსაზღვრული დრო ჰქონდა და კარგად ითამაშებდა, თუ ცუდად მწვრთნელი მას მაინც არ ცვლიდა, ბოლომდე ენდობოდა.

მკითხველს ახლაც მკაფიოდ ემახსოვრება იმ დროის სასტარტო და სათადარიგო ხუთეულები: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, ზაზა ფაჩულია. მათ ენაცვლებოდნენ: ლაშა გამყრელიძე, ნატურალიზებული ამერიკელი (ყოველ წელს იცვლებოდა), თორნიკე შენგელია, ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი შერმადინი. რა თქმა უნდა, ამ განლაგებებში ცვლილებები ყოველ წელს შედიოდა, მაგრამ მთავარია, რომ ოთხწლიან მონაკვეთში მთავარ მწვრთნელს ჰქონდა საშუალება მოედანზე ერთმანეთის მონაცვლეობით ორი კარგი ხუთეული გამოეყვანა.

საქართველო პირველად 2011 წლის ევრობასკეტზე

თამაშის საშუალება ყველას მეტ-ნაკლებად ეძლეოდა და მწვრთნელისადმი უკმაყოფილებაც ნაკლები იყო. ალბათ, სწორედ ამით მოიპოვა იგორ კოკოშკოვმა ნდობა ქართველ კალათბურთელებში და წლიდან წლამდე ავტორიტეტს სიმყარე შემატა.

 

ევრობასკეტი 2011

2008 წელს საქართველოს ნაკრები უკრაინულ შეკრებაზე რომ გაემგზავრა, ჩვენს ქვეყანაში რუსეთი შემოიჭრა… კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი ლტოლვილივით 40 დღის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპაში და ოთხი მატჩიდან  სამი მოიგო. მომდევნო წელს კიდევ ოთხი მიამატა, საბოლოოდ 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დავთმეთ (შვედეთში 59:61) და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. პლეი ოფში კი მეტოქედ ბელარუსი გვერგო და ორი მატჩის ჯამში ისიც უკან მოვიტოვეთ.

2010 წელს ჩვენი გუნდი უკვე ელიტარულ ნაკრებებს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდა. შეჯიბრება პოლონეთთან ტრიუმფით გავხსენით – 84:65. ჯგუფში ბელგიის შემდეგ მეორე ადგილი დავიკავეთ, უკან მოვიტოვეთ წინა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები – პოლონეთი და ბულგარეთი, თუმცა ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ ბელგია გავიდა.

საბედნიეროდ, საქართველოს, იტალიისა და უკრაინის კალათბურთის ფედერაციათა ხელმძღვანელების აქტიურობით ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებმა გადაწყვეტილება შეიცვალეს და 16-ის ნაცვლად 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი დაუშვეს. გაფართოებაში საქართველოც მოჰყვა და ასე მოვხვდით ქვეყნის ისტორიაში პირველ ევრობასკეტზე.

2011 წელს ლიეტუვაში გამართულ საკალათბურთო ფორუმზე იგორ კოკოშკოვმა გუნდი კიდევ უფრო კარგად შეათამაშა და ბელგიისა და უკრაინის ძლევით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც გიორგი ცინცაძე და ზაზა ფაჩულია ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ და პლეი ოფზე ოცნებასაც დავემშვიდობეთ.

– დებიუტანტისგან მეორე წრეში გასვლა მოულოდნელი შედეგი იყო. საქართველომ კარგი თამაშით დაამტკიცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილების სისწორე გუნდების 24-მდე გაზრდასთან დაკავშირებით, – აღნიშნა ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა ნარ ძანოლინმა.

ევრობასკეტი 2013

2011 წლის დეკემბერში იგორ კოკოშკოვმა კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და რეფორმებსაც მიჰყო ხელი.

2012 წლის შესარჩევი ეტაპისთვის მან საქართველოს ნაკრების მუდმივ წევრთაგან სამზე თქვა უარი – ვლადიმერ ბოისაზე, ნიკა ცქიტიშვილსა და ლაშა გამყრელიძეზე. სკეპტიკოსებიც აალაპარაკა, თუმცა შესარჩევი ბარიერი მაინც დაძლია და მეორედ მოიპოვა ევრობასკეტის საგზური.

2013 წელს, სლოვენიაში გასამართი ევრობასკეტის წინ საქართველოს ნაკრები რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: ოპერაციები გაიკეთეს თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ. სლოვენიაში გუნდი მათ გარეშე გაემგზავრა. თუმცა…

საქმე გმირებთან გვაქვს. მაშინ, როცა სხვა კალათბურთელები კლუბისგან მოცალეობის ჟამს დასვენებას ამჯობინებენ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ქვეყნისთვის თავს არ ზოგავენ და უანგაროდ იცავენ საქართველოს ღირსებას, – ასეთი იყო იგორ კოკოშკოვის კომენტარი.

ორი წამყვანი კალათბურთელის არყოფნაში “ჯვაროსნები” გაორმაგებული ენერგიით თამაშობდნენ, საკონტროლო შეხვედრაში სერბეთი დაამარცხეს, ლიეტუვასთან ოვერტაიმი ითამაშეს, ხოლო ევრობასკეტის გახსნით შეხვედრაში საპრიზო სამეულზე მოფიქრალ პოლონელებს ყოველგვარი იმედი გადაუწურეს (84:67). ამას მოჰყვა ხორვატებთან და სლოვენიელებთან ბოლო წამებზე წაგებული მატჩები და ჯგუფიდან ვერგასვლის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თამაშითა და თავგამოდებით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

 

ევრობასკეტი 2015

ლიეტუვა-საქართველო (ევრობასკეტ2015)

2014 წელი 21-ე საუკუნეში გამონაკლისი იყო: საქართველოს ნაკრებმა ნატურალიზებული ამერიკელის გარეშე ითამაშა. იყო მძიმე ბრძოლები, მაგრამ რთულ ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტი 2015-ის საგზური მოიპოვა, უკან მოიტოვა ჩეხეთი, უნგრეთი და პორტუგალია.

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი საკმარისად გამოცდილი იყო, შეთამაშებულიც და მისგან ყველა პლეი ოფში მოხვედრას ელოდა. თუმცა მოვლენები თავიდან ძალიან ცუდად წარიმართა: წავაგეთ ჰოლანდიასთან, საბერძნეთთან და სლოვენიასთან. კატასტროფის წინაში აღმოვჩნდით…

სწორედ ამ დროს გამოჩნდა იგორ კოკოშკოვისა და საქართველოს ნაკრების მთავარი კოზირი – კრიტიკულ მომენტში აუღელვებლობა, მაქსიმალური კონცენტრაცია და ჯერ მაკედონია დავამარცხეთ უშანსოდ, შემდეგ მასპინძელი ხორვატია და 1/8 ფინალში ლიეტუვას შევხვდით.  ეს იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, საოცრად დრამატული ფინალით: ბალტიისპირელებს, რომლებმაც, რამდენიმე დღეში ვერცხლის მედლები მოიგეს, მთელი თამაშის განმავლობაში ვუგებდით. ბოლო წამებზე იონას მაჩიულისის სამქულიანებმა ლიეტუვა თამაშში დააბრუნა და საბოლოოდ 81:85 დავმარცხდით.

ევრობასკეტის 1/8-ფინალი იგორ კოკოშკოვისთვის საქართველოს ნაკრების ფორმით ბოლო მატჩი იყო. 2017 წელს მან სლოვენიას მოაგებინა ევროპა, 2019-ში კი სერბეთის ნაკრები ჩაიბარა…

იგორ კოკოშკოვი საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან გულიანად მუშაობდა და გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებდა. გამოგიტყდებით, მასთან  მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა, ბევრს ვსწავლობდი. რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი აზრია. ქართველები სხვა ერისგან განსხვავებულები ვართ. შეიძლება ითქვას, რთული ხასიათი გვაქვს. მეც ქართველი ვარ და გამონაკლისი არ გახლავართ. ჰოდა, ჩვენს ხასიათს რომ უძლებდა, იგორ კოკოშკოვი ამიტომაცაა დასაფასებელი. დასამალი არაფერია, საქართველოს ნაკრებშიც ყოფილა რთული დღეები, შეუთანხმებლობა. ეს არაა გასაკვირი, უთანხმოება ყველგან ხდება, “ბარსელონაშიც” და “რეალშიც”. მთავარია, მისი სწორად დანახვა და აღმოფხვრა. მწვრთნელის სახით ჩვენს ნაკრებს ჰყავდა ლიდერი, რომელიც რთულ სიტუაციაში სწორი ნაბიჯებით კარგად მართავდა სიტუაციას, – ასე ახასიათებს ზაზა ფაჩულია იგორ კოკოშკოვს.