საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი მატჩები დაასრულა. იტალიასთან და კამერუნთან განცდილი 2 მარცხის შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ეგვიპტე გაანადგურა. საქართველოს ლატვიის ქალაქ იურმალაში აფრიკული ქვეყნის გუნდს 78:46 (სტატისტიკა) სძლია.
ანგარიშიდან ჩანს, რომ ჩვენებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ეგვიპტე არ გახლავთ ჯაბანი. აფრიკული ნაკრებიც ჩვენს მსგავსად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება. ეგვიპტემ ჩვენს ნაკრებს შარშან სძლია, როცა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ეგვიპტელებმა რამდენიმე დღის წინ თანაბარ ბრძოლაში დათმეს შეხვედრა კამერუნთან.
ალეკსანდარ ჯიკიჩი თამაშით კმაყოფილია, რადგან საშუალება მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ხვალ უნდა მიიღოს – როცა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის 12-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, სანამ ქართველები მეორე პერიოდის დასაწყისში თამაშზე სრულ კონტროლს დაამყარებდნენ. სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: რატი ანდრონიკაშვილი, ჯო ტომასონი, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი კორსანტია და გოგა ბითაძე. თორნიკე შენგელიამ არ ათამაშეს, რადგან ნაკრების კაპიტანმა კამერუნთან მატჩში ფეხის კუნთი იტკინა და მწვრთნელებმა ექიმებთან კონსულტაციის შედეგად გუნდის ლიდერის დასვენება გადაწყვიტეს.
პირველი პერიოდი ფრედ – 17:17 დასრულდა. მეორის მეორე წუთიდან ქართველთა ჰეგემონია დამყარდა. ქებული დაცვის ხარჯზე ეგვიპტელებმა, რომლებიც 24:22 ლიდერობდნენ, დიდ შესვენებამდე დარჩენილ 7 წუთსა და 50 წამში ბურთი ვეღარ ჩააგდეს. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნული პერიოდი 22:0 მოიგო და პირველი ტაიმის შემდეგ 20 ქულით – 44:24 დაწინაურდა.
ვითარება არ შეცვლილა არც დიდი შესვენების შემდეგ და მალე ქართველთა ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა. ჯიკიჩს სრული ასპარეზი მიეცა საიმისოდ, გუნდის ყველა წევრი გამოეცადა და ასეც მოხდა, მოედანზე გამოვიდა ყველა, მათ შორის 16 წლის ათუკა ბახტაძეც, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში თავისი დებიუტი ბურთის პირველივე შეხებისას ჩაგდებული ორქულიანით აღნიშნა. ბახტაძემ პასი რატი ანდრონიკაშვილმა მიაწოდა, რის შემდეგაც 16 წლის ახალგაზრდამ ტანმაღალი მეურვის მიუხედავად ბურთი ეგვიპტელთა კალათში გადაგზავნა.
ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი კორსანტიამ, რომელიც ყველაზე შედეგიანი იყო 16 ქულითა და 9 მოხსნით. ორმაგ დუბლამდე თითო ქულა-მოხსნა დააკლდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც 9 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 6 პასი ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილსაც, ხოლო გოგა ბითაძემ, რომელსაც ეგვიპტელები ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, 13 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრები იურმალაში 30 ივნისამდე დარჩება და კვირა დილას გეზს 40 წუთის სავალი რიგისკენ აიღებს. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2 ივლისს დაიწყება და საქართველო ამ დღეს ლატვიას, ხოლო 4 ივლისს ფილიპინებს შეხვდება.